ვახტანგ ყოლბაია - ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც აფხაზები, ოსები ვიცხოვრებთ ერთად ისე, როგორც ჩვენს წარსულსა და მომავალს ეკადრება
სამწუხაროდ, ოკუპაციის მომენტი საქართველოს დღესაც აქვს და ეს არის ძალიან ცუდი, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.
„რაც ათეული წლის უკან ჩაიდინა რუსეთმა, დღეს აგრძელებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს გმირ მოსახლეობას, რომელიც დარჩენილია იმ ტერიტორიაზე – არ შეიძლება ასეთი რამ გაგრძელდეს 21-ე საუკუნეში უსასრულოდ. ჩვენ ვიქნებით, გავერთიანდებით ერთად, ისევე როგორც ეს იყო იმ საუკუნის დასაწყისში და ჩვენ ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, რომელიც აუშენებია თავის დროზე წინაპრებს. ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც აფხაზები, ოსები ვიცხოვრებთ ერთად ისე, როგორც ეკადრება ჩვენს წარსულს და მომავალს. მინდა, მტკიცედ ყოფნა გისურვოთ, რამეთუ ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია”, – განაცხადა ყოლბაიამ.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.