საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს [ფოტო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს [ფოტო]

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

კოჯორში ასევე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

„უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ, ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ, სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდი იყო სიმამაცე, პატრიოტიზმი საქართველოს სახელმწიფოს მცველების. მათი საქციელი, თავდადება საუკუნეები იცოცხლებს და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ მათ, როგორც სიმბოლოს თავისუფლებისთვის ბრძოლისათვის და როგორც სიმბოლოს უდიდესი პატრიოტიზმის გრძნობის მატარებელი ადამიანების. დიდი მადლობა მათ და დიდება გმირებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.