სალომე ზურაბიშვილი - ეს არჩევნები ერთგვარად იქნება „ევროპა თუ არა ევროპა“ და მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, რუსული პროპაგანდის, პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის
სალომე ზურაბიშვილი - ეს არჩევნები ერთგვარად იქნება „ევროპა თუ არა ევროპა“ და მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, რუსული პროპაგანდის, პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენა და ახალგაზრდებს ამ დღის გააზრებისაკენ მოუწოდა.

„დღეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, რომ აქ ის ახალგაზრდები ხართ შეკრებილი, რომლებსაც ეს დღე არ განუცდიათ და მხოლოდ მშობლების, ბებია-ბაბუებისგან გაუგიათ, ვინც, შესაძლოა, ამ დღეების მოწმე ყოფილიყო. მე, პირადად, მამაჩემის მოგონებები მაქვს წაკითხული, რომელიც მაშინ პატარა ბავშვი იყო. ეს ძალინ მძიმე დღეა ყველასთვის, ვინც იმ დროს საქართველოში ცხოვრობდა.

დღეს თქვენ გაეცნობით ამონარიდებს წიგნებიდან, მოგონებებს და ნახავთ ფილმს, რომელიც ამ დღის შესახებ მეტ ინფორმაციას მოგცემთ, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ იმ დღეებში საქართველო უკვე შემდგარი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო თავისი კონსტიტუციით, რაც მაშინდელ ევროპაში გამონაკლისი იყო. სულ რამდენიმე ქვეყანა იყო ზუსტად იმავე მდგომარეობაში, როგორშიც საქართველო. საქართველოს კონსტიტუცია, ბევრი მიმართულებით, საკმაოდ პროგრესული იყო: ეს იქნებოდა თვითმმართველობა, უმცირესობებთან ურთიერთობა, ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, სასამართლო, სადაც ნაფიცი მსაჯულები უკვე არსებობდნენ. ეს ყველაფერი ოცდახუთმა თებერვალმა გაანადგურა და 70 წლით ჩაგვკეტა იმ სივრცეში, რომელიც ნამდვილად ციხედ იყო აღქმული.

25 თებერვალი სახელმწიფოსთვის ერთგვარი ვნების კვირეულია. 11 თებერვალს შემოსეულ მე-11 წითელ არმიასთან ბრძოლები 19 თებერვლამდე გრძელდება და კიდევაც ჩვენი გამარჯვებებით, რომელიც ამ სასწაული ბრძოლებისა და გმირობის შედეგია.

19 თებერვლიდან 25 თებერვლამდე ვნების კვირაა და უცნაურია, რომ 25 თებერვალი სწორედ პარასკევია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავამარცხეთ 25 თებერვალი და დავამარცხეთ იმით, რომ დღეს საქართველო არის არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არა მხოლოდ სუვერენული ქვეყანა, არამედ უკვე ევროკავშირის კანდიდატი. და ეს ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ ასეთი გამარჯვებები არ იწვევს თავის რეაქციებსა და სხვა, ახალ მცდელობებს. ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვახსოვდეს 25 თებერვალი, გვახსოვდეს, რა ძალები გვებრძოდნენ მაშინ და რა ძალები გვებრძვიან დღეს.

ჩვენ ახლა ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ, როცა ვამზადებთ არჩევნებს, რომელიც, ყველა გვეუბნება და ჩვენც კარგად ვიცით, გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ანუ მოლაპარაკებების გახსნის შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. ამიტომ ამ არჩევნების ირგვლივ ყველა იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა.

ამიტომ ეს არჩევნები ერთგვარად იქნება: „ევროპა თუ არა ევროპა“, ამ ტიპის არჩევნები, და მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის – რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის, რომელსაც უკვე ვხედავთ; პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის, რომელსაც ასევე ვხედავთ. შეიძლება, თავის თავს ასე არ უწოდებენ, მაგრამ ჩანს, რაც არიან და ასეი ბევრი იქნება, მათი დაფინანსება ალბათ არ გაუჭირდებათ.

უნდა იყოთ მობილიზებული. ეს თქვენი ქვეყანა, თქვენი მომავალი და თქვენი სახელმწიფოა. უნდა იყოთ მობილიზებული, ფხიზლად და, რაც მთავარია, უნდა აკეთოთ თქვენი საქმე. მაგრამ ხალხის მობილიზაცია, ახალგაზრდების მობილიზაცია არის ის, რასაც რეალურად შეუძლია, დაამარცხოს ყველა სხვა მცდელობა, რაც შეიძლება იყოს. მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს.

25 თებერვალი ტრაგიკული დღეა, სამაგიეროდ, 26 მაისია საზეიმო დღე, მაგრამ ეს ტრაგიკული დღე მხოლოდ ტრაგიკულად კი არ უნდა აღვიქვათ და მხოლოდ ტრაგიზმში ჩავეფლოთ, ჩვენ ეს დღე უნდა გვახსოვდეს, როგორც ჩვენი მამოძრავებელი, რათა ეს აღარასოდეს მოხდეს. როგორც ებრაელებმა იციან, იმეორებენ და ყოველთვის იმისთვის იხსენებენ, რომ აღარ განმეორდეს. ესეც უნდა იყოს ჩვენი მამოძრავებელი, რათა ვიცოდეთ, აღარასოდეს დავუშვათ, რომ მტერმა, ვინც არ უნდა იყოს, გაანადგუროს ჩვენი კულტურა, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ჯარი და ჩვენი სახელმწიფო. არავის აქვს ამის უფლება. და ეს განადგურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოხდეს, არა მხოლოდ ჯარით, როგორც მაშინ მოხდა, არამედ ბევრი სხვა ფორმით. ამიტომ სიფხიზლე გვმართებს ჩვენ და სიფხიზლე გმართებთ თქვენ. როცა გიყურებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას აქვს წინ ბრწყინვალე მომავალი, ძლიერი მომავალი, ევროპული მომავალი, მაგრამ ჩვენი ისტორია არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, ღონისძიების ლიტერატურულ ბლოკში ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა ეკა ტოგონიძემ, ნინია სადღობელაშვილმა, კატო ჯავახიშვილმა და ზვიად კვარაცხელიამ ქართული ლიტერატურის მიერ საბჭოთა ოკუპაციის გააზრებაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გაიმართა ასევე კინოდოკუმენტალისტ გია ჭუბაბრიას ფილმის. „გაფითრებული თებერვლის ლანდის“ ჩვენება, ღონისძიებების სერია კი „მოძრაობის თეატრის“ მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის ოკუპაციის თემაზე შექმნილი პერფორმანსით დასრულდა.