ვახტანგ მახარობლიშვილი - ნიკოლა სარკოზი ინაუგურაციაზე საფრანგეთის სახელმწიფო თვითმფრინავით ჩამოფრინდა და ემანუელ მაკრონის მიერ იყო დელეგირებული
ნიკოლა სარკოზი საქართველოში საფრანგეთის სახელმწიფო თვითმფრინავით ჩამოფრინდა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ იყო დელეგირებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
„საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ქართული მხრიდან მე დავხვდი. ამიტომ შემიძლია დანამდვილებით დაგიდასტუროთ, რომ სარკოზი საქართველოში კერძო ვიზიტით და კონკრეტული ადამიანის მოწვევით არ იყო. ის საქართველოში საფრანგეთის სახელმწიფო თვითმფრინავით ჩამოფრინდა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ იყო დელეგირებული, რომ ინაუგურაციის დროს საქართველოში საფრანგეთი წარმოედგინა“,- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილი.
ამასთან, გამოცემა Le monde წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ნიკოლა სარკოზი ემანუელ მაკრონს ოფიციალურად წარმოადგენდა.
ფრანგული გაზეთის ვებგვერდზე განმარტებულია, რომ საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, მოქმედ ლიდერს ელისეის სასახლეში ესტუმრა, სადაც ემანუელ მაკრონმა მის წინამორბედს საქართველოს ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მისი სახელით დასწრება დაავალა.