ვახტანგ ლაშქარაძე - ახალი საბაჟო კოდექსი ბიზნესთან პარტნიორულ ურთიერთობაზეა ორიენტირებული
ახალი საბაჟო კოდექსი უფრო გამჭვირვალე და ბიზნესთან პარტნიორულ ურთიერთობაზე ორიენტირებული იქნება, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში ახალი საბაჟო კოდექსი და საგადასახდო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.
ლაშქარაძის განმარტებით, როგორც საბაჟო, ისე საგადასახადო კანონმდებლობის განახლება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ისახავს მიზნად და ბიზნესს ოპერირებას ძალიან გაუმარტივებს.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ფაქტზე, რომ ახალი საბაჟო კანონმდებლობა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება, უფრო გამჭვირვალე და ბიზნესთან პარტნიორული ურთიერთობაზე ორიენტირებული იქნება.
„ამ კოდექსმა მნიშვნელოვანი მარეგულირებელი თემები კოდექსში ზემოთ ისე ამოწია, რომ ეს საკითხები კანონმდებლობამ დაარეგულიროს და არ იყოს დამოკიდებული ქვემოთ მინისტრის ბრძანებასა და კანონქვემდებარე აქტებზე. მეორე, რაც მთავარი საკითხია – ახალი საბაჟო კოდექსი ბიზნესთან უფრო პარტნიორულ დამოკიდებულებას ცდილობს, ვიდრე აქამდე იყო. მაგალითად, თუ საბაჟო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ბიზნესზე უარყოფითად მოქმედებს, ის ვალდებულია, ამის შესახებ ბიზნესს წინასწარ აცნობოს. თუ ბიზნესი იტყვის, რომ მას ამ გადაწყვეტილების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეცვალოს ეს რეგულაცია“, – განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ახალი საბაჟო კოდექსი ადგილობრივი წარმოების წახალისებასაც ისახავს მიზნად.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების წახალისიება. მაგალითად, ისეთ საბაჟო ოპერაციებზე, როგორიცაა შიდა და გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა, მიზნობრივად შემოტანილი საქონელი, საბაჟოს გაუჩნდა ბერკეტი, რომ ასეთი ტიპის ოპერაციებს არ მისცეს ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ ის ამავე დარგის ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვნად ვნებს“, – განმარტა ვახტანგ ლაშქარაძემ.