იმპორტის შეღავათიანი რეჟიმები შესაძლოა, დაბრუნებულ საქონელს, ზღვის პროდუქტებსა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სარეალიზაციო საქონელს შეეხოს
იმპორტის შეღავათიანი რეჟიმები შესაძლოა, დაბრუნებულ საქონელს, ზღვის პროდუქტებსა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სარეალიზაციო საქონელს შეეხოს

იმპორტის გადასახადით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები შესაძლოა, დაბრუნებულ საქონელს, საზღვაო თევზჭერის პროდუქტებსა და იმ საქონელს შეეხოს, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სარეალიზაციოდ შედის. შესაბამისი ცვლილებები „საბაჟო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება გასულ კვირას მოხდა.

მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, თუ საქონელი ან მისი ნაწილი ექსპორტირებულია საქართველოდან და მას უცხოური საქონლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო სამი წლის ვადაში დეკლარანტის მოთხოვნით საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად ბრუნდება, ასეთი საქონელი იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებულია იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.

ამასთან, ცვლილებებით, თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე იგი მიზნობრივი დანიშნულებით საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში იყო გაშვებული, იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება, თუ დაბრუნებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია უცვლელ მდგომარეობაში და იმავე მიზნობრივი დანიშნულებით.

ამას გარდა, ინიციატივის მიხედვით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება საქართველოში რეგისტრირებული და საქართველოს ალმით მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების გარეთ მოპოვებული საზღვაო თევზჭერის ან ზღვის სხვა პროდუქტი.