ვახტანგ კობალაძე - გლეხური მეურნეობები სისტემიდან ამოვარდნილია და მათზე ინსპექტირება საერთოდ არ ვრცელდება
სახელმწიფოს მხრიდან უნდა გამოვლინდეს ცალსახა პოლიტიკური ნება, რომ სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სისტემის შექმნის გზით მივდივართ, – ამის შესახებ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„არის ძალიან ბევრი სისტემური პრობლემა და გასაგებია, რომ არის ძალიან ბევრი ობიექტური მიზეზი, რაც ხელს უშლის სახელმწიფოს, რომ კონტროლისა და მთლიანად რეგულირების მექანიზმი უფრო ეფექტიანად აამოქმედოს. როდესაც კანონი იქნება მიღებული და დაწესებული იქნება ვთქვათ, ორწლიანი ვადა, სანამ ეს კანონი ამოქმედდება, შემდეგ, ეს ორწლიანი ვადა არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა გადავადდეს. ყველა ბიზნესმა კეთილი ინებოს და ეს ორწლიანი ვადა გამოიყენოს“, – განაცხადა კობალაძემ.
მისი თქმით, ძალიან დიდი პრობლემაა გარე ვაჭრობის საკითხი, რაც წლების განმავლობაში დგას.
„გარე ვაჭრობა არის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება, რომ არალეგალური ხორცის, თუ სხვა პროდუქტების რეალიზაცია მოხდეს. რაღაც პერიოდი ალაგმავენ ხოლმე ამ გარე ვაჭრობას, მაგრამ მერე ისევ გარეთ გამოდის. თუ არის ასეთი მიდგომა, რომ სურსათით ვაჭრობა მოწესრიგებული უნდა იყოს, რასაც საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება, ეს პროცესი უნდა დაიწყოს, დამთავრდეს და წერტილი დაესვას“, – განაცხადა კობალაძემ.
მისი თქმით, არის ბიზნესის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ზედმეტი რეგულაციების ბიზნესს აფერხებს, მაგრამ უშუალოდ სურსათის სექტორში ადგილობრივი მწარმოებლების ძალიან დიდი ნაწილი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობს, ცდილობს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უვნებელი პროდუქცია აწარმოოს და წლებია, სახელმწიფოს სთხოვს, სურსათის კონტროლი ყველაზე თანაბრად გავრცელდეს.
კობალაძემ ასევე განაცხადა, რომ კიდევ ერთი გამონაკლისი, რაც სისტემიდან ამოვარდნილია, არის გლეხური მეურნეობები, რომლებზეც ინსპექტირება საერთოდ არ ვრცელდება.
„ამ გლეხური მეურნეობების საფარქვეშ, რეალურად, მუშაობს ძალიან ბევრი საწარმო, რომლებიც ბაზარს პროდუქციას ყოველდღიურად აწვდის. ეს აბსოლუტურად არალეგალურად ხდება და მათზე არანაირი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ მათზე ინსპექტირების დაწყება 2020 წლამდეა გადავადებული“, – განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.