მსოფლიო სურსათის უვნებლობის დღეს აღნიშნავს
მსოფლიო სურსათის უვნებლობის დღეს აღნიშნავს

სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება, – ამ სლოგანით მსოფლიო 7 ივნისს სურსათის უვნებლობის დღეს მეორედ აღნიშნავს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ დაწესდა. მისი მიზანია სურსათის უვნებლობის რისკების პრევენცია და მართვა.

„აღნიშნული დღის დაწესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ქვეყნის კეთილდღეობასთან, სოფლის მეურნეობასთან, ბიზნესთან, ტურიზმთან და, ზოგადად, ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან.

„ფერმიდან სუფრამდე“ – სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპის მიხედვით, ყველა რგოლის- სახელმწიფოს, მწარმოებლის და მომხმარებლის ჩართულობა და როლი უმნიშვნელოვანესია.

სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს, იზიარებს თანამედროვე მიდგომებსა და გამოწვევებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი. გაიზარდა ბიზნესსექტორის ინფორმირებულობა. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, შემუშავდა ახალი რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს სამომხმარებლო ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებასა და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას“,- აღნიშნულია განცხადებაში.