საგამოძიებო სამსახურმა ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი ამხილა
საგამოძიებო სამსახურმა ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომლებიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად.

„აღნიშნულის ნაცვლად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული, უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით ექვსი ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მეორე ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით ორი წლამდე ვადით.