სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში სამართალდარღვევაზე ჯარიმები იზრდება
სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში სამართალდარღვევაზე ჯარიმები იზრდება

სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში სამართალდარღვევაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და ინიცირებისთვის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტის მიხედვით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლისას ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება, ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. გაცემული მითითების შეუსრულებლობა კი, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას.

ცვლილებების თანახმად, ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. ამასთან, კონკრეტდება ისიც, რომ ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

ასევე პროექტით განისაზღვრება, რომ მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა − გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა კი, ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

საკანონმდებლო ცვლილებებით, ბიზნესოპერატორების 1 000-3 000 ლარით დაჯარიმება იქნება გათვალისწინებული, როცა განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათის, ან ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ მომხმარებლისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება ხდება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი ამ სურსათის ნამდვილ ბუნებასთან, მის შემადგენლობასთან დაკავშირებით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის 5 000-ლარიანი ჯარიმა და საქმიანობის შეჩერება იქნება გათვალისწინებული.

რაც შეეხება ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევას, ეს გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 200 ლარის, სხვა ბიზნესოპერატორის კი – 500 ლარის ოდენობით.