ვახტანგ იაშვილი - დღეს ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ არსებობს მხოლოდ ორი არჩევანი, ჩვენ კი ვამბობთ, არსებობს სხვა გზა
მივესალმები ხალხს, რომელსაც 30 წელია, ატყუებს ეს პოლიტიკური სპექტრი, – ამის შესახებ „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ იაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენს ერს, ერის საუკეთესო შვილებს პოლიტიკოსები ატყუებენ, ისაკუთრებენ მათ მომავალს და მათ სიკეთეებს. დღეს ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მხოლოდ ორი არჩევანი არსებობს და მეტი არა, არის ორი პოლუსი და სხვა გზა არ გვაქვს, ერთი, ან მეორე. ჩვენ კი ვამბობთ – არსებობს სხვა გზა. ჩვენ მრავალფეროვანი ერი ვართ, ნიჭიერი ხალხი. „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“ და ზუსტად ამ გამოსავალს ვთავაზობთ“, – განაცხადა იაშვილმა.
მისი თქმით, „მესამე ძალა“ თითოეულ მოქალაქეს ქვეყნის საკეთილდღეოდ, პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
„პლატფორმა, რომელსაც ჰქვია ღია პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“, თითოეულ ჩვენგანს, ერის თითოეულ შვილს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.
საქართველოს პირველ არხზე დღეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები იმართება. მასში ათი პარტია მონაწილეობს – „მესამე ძალა“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 21 სექტემბერს კი, დებატები თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება.