ცესკო - საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების საფუძველზე კიდევ 15 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალეს, შედეგად, აღნიშნულ უბნებზე შედეგები უცვლელი დარჩა
ცესკო - საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების საფუძველზე კიდევ 15 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალეს, შედეგად, აღნიშნულ უბნებზე შედეგები უცვლელი დარჩა

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების საფუძველზე კიდევ 15 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალეს. საჩივრების საფუძველზე საარჩევნო უბნების მონაცემების გადათვლის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა წარადგინა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, გადათვლის მოთხოვნით საჩივრები წარმოდგენილი იყო ძირითადად შემდეგი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ, ესენია: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

„აღნიშნული ორგანიზაციების მიერ საჩივრები, გადათვლის მოთხოვნით, სულ წარმოდგენილი იყო 42 საარჩევნო უბანთან მიმართებით. აქედან, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, საჩივრების განხილვამდე, გადაითვალა სამი ისეთი საარჩევნო უბანი, სადაც არ არსებობდა ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერები. ასევე საჩივრების განხილვამდე გადაითვალა სამი უბნის მონაცემები კანონმდებლობით განსაზღვრული წილისყრით გამოვლენილი უბნებიდან, ხოლო 15 განცხადება/საჩივრების საფუძველზე. გადათვლის შედეგად ზემოაღნიშნულ საარჩევნო უბნებზე შედეგები უცვლელი დარჩა. გადათვლებს მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.

მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტურზე გადათვლილია 274 საარჩევნო უბნის მონაცემები.

„აქვე წარმოგიდგენთ საჩივრების თაობაზე დეტალურ სტატისტიკას: გადათვლა/ბათილობის/შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით სულ წარმოდგენილი იყო 139 საჩივარი. აქედან, პოლიტიკური პარტიების მიერ – 73, ხოლო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ – 66. მათ შორის დაკმაყოფილდა – რვა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 19, არ დაკმაყოფილდა – 83 , განუხილველი დარჩა – 28 და განხილვაშია – ერთი.

ასევე გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით – კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში სულ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო 492 საჩივარი. მათ შორის დაკმაყოფილდა – 62, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 36, არ დაკმაყოფილდა – 297, განუხილველი დარჩა – 51, გაითხოვეს – ოთხი საჩივარი და განხილვაშია – 42“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.