ვახტანგ ჭარაია TANAP-ზე - საქართველო იღებს გაზრდილ ენერგოუსაფრთხოებას, იმტკიცებს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს, იღებს გაზრდილ ეკონომიკურ უსაფრთხოებას
ვახტანგ ჭარაია TANAP-ზე - საქართველო იღებს გაზრდილ ენერგოუსაფრთხოებას, იმტკიცებს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს, იღებს გაზრდილ ეკონომიკურ უსაფრთხოებას

შესაბამისი აღნიშვნის გარეშე ჩაიარა TANAP-ის პროექტის ამუშავებამ, რომლის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის შესაბამის სამუშაოებს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ერთობლივი ძალებით საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ევროკავშირი ახორციელებდნენ, ძირითადად ამ უკანასკნელის ენერგოდივერსიფიცირების კონტექსტში,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

ჭარაია პროექტის ამოქმედებით მიღებულ სიკეთეებზე საუბრობს.

„ევროკავშირისთვის კარგი სამსახურის გაწევის გარდა, არ უნდა გამოგვრჩეს რომ TANAP-ის ამოქმედებით 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცემულობა დღევანდელთან შედარებით პრაქტიკულად ხუთმაგდება, მათ შორის მხოლოდ TANAP-ის გზით (23 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო მიიღებს – 1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს; 2026 წლისთვის მაჩვენებელი 1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის); საბოლოოდ კი დაგეგმილია TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანა, რაც საქართველოსთვის სამი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს, საქართველოს დღევანდელ მოხმარებაზე – 1.4-ჯერ მეტს.

ცნობისთვის, დღეისთვის საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ დაახლოებით 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს უსასყიდლოდ, პლუს მონეტარული ფორმით სომხეთში გატარებული ტრანზიტის 10%-ის ეკვივალენტს (დაახლოებით 130 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებას). 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ 2.2 მილიარდი მეტრკუბი ბუნებრივი აირი მოიხმარა, მათ შორის: საყოფაცხოვრებო დანიშნულების – 851 მილიონი; თბოელექტროსადგურებმა – 489 მილიონი; ავტოგასამართმა სადგურებმა – 229 მილიონი, დანარჩენი კი – არასაყოფაცხოვრებო სექტორის წილია. რაც შეეხება მომწოდებლებს: 97% აზერბაიჯანზე მოდის (უსასყიდლო გაზის ჩათვლით), უმნიშვნელოა რუსეთის (1.7%) და ადგილობრივი მოპოვების წილი (0.4%). დასკვნა: საქართველო იღებს გაზრდილ ენერგო-უსაფრთხოებას; საქართველო იღებს გაზრდილ ეკონომიკურ უსაფრთხოებას; საქართველო იმტკიცებს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს” ,- წერს ვახტანგ ჭარაია.