ვახტანგ ჭარაია - საერთაშორისო ექსპერტები მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებენ და ბევრ საკითხში ეთანხმებიან
ვახტანგ ჭარაია - საერთაშორისო ექსპერტები მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებენ და ბევრ საკითხში ეთანხმებიან

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტები, ბევრი მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებენ და ბევრ რამეში ეთანხმებიან, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე იმართება პირველადი შეხვედრები, რის შედეგადაც დოკუმენტი კიდევ უფრო დაზუსტდება.

„იყო ახალი შემოთავაზებებიც, საუბარი იყო მათ შორის იმაზეც, თუ რა არის ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში, როგორც კვალიფიციური ძალა, ფინანსურ რესურსთან წვდომა, ასევე, გამოიკვეთა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის საკითხი. ასევე, საუბარია იმაზე, თუ რომელ დარგებზე უნდა გააკეთოს აქცენტი საქართველომ დღევანდელ რეალობაში თუ პოსტკოვიდ მდგომარეობაში, პირობითად ეს იქნება მაღალტექნოლოგიური დარგები თუ ის ტრადიციული დარგები, რომელიც უკვე განვითარებული გვაქვს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და  ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება.