უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს [ფოტო, ვიდეო]
საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. კერძოდ, დაკავებულია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი ზაზა დავითაია.
დავითაიას დაკავება აქციაზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა. კერძოდ, აქციაზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის, შალვა შავგულიძის სიტყვით გამოსვლის დროს, დავითაიამ მას მიმართა კითხვით, რატომ დგას დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით.
დავითაიას ამ კითხვას აქციის რამდენიმე მონაწილის გაღიზიანება მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„ჩემი სამართლიანობა დღემდე არ აღდგა. შალვა შავგულიძე ჩემს უფლებებს იცავდა როგორც ადვოკატი. ახლა ჩემი დამსჯელებისა და ჩემი დამპატიმრებლების გვერდით დგას“, – განაცხადა ზაზა დავითაიამ.
უზენაეს სასამართლოსთან აქციას მართავენ „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“. ისინი პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.
აქციის შესახებ გუშინდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, „საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხმა მისცეს კანონს, რომელიც იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ, ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს შესაძლებლობას მისცემს, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარუდგინოს თვითნებურად, ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმების გარეშე ისეთი პიროვნებები, რომლებიც ამ კლანის მიერ შერჩეული იქნებიან ხელისუფლების მსახურებისთვის“.