შალვა შავგულიძე - ხელისუფლება ცდილობს, საკანონმდებლო ცვლილებამდე მაქსიმალურად დააკომპლექტოს სასამართლო კორპუსი მისგან კონტროლირებადი მოსამართლეებით
შალვა შავგულიძე - ხელისუფლება ცდილობს, საკანონმდებლო ცვლილებამდე მაქსიმალურად დააკომპლექტოს სასამართლო კორპუსი მისგან კონტროლირებადი მოსამართლეებით

ხელისუფლება ცდილობს, საკანონმდებლო ცვლილებამდე მაქსიმალურად დააკომპლექტოს სასამართლო კორპუსი მისგან კონტროლირებადი მოსამართლეებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, შალვა შავგულიძემ მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არ აპირებს პირობის დარღვევას და პროცესში მონაწილეობას.

„არ ვაპირებთ პროცესში ჩართვას. ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი მიშელის დოკუმენტზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ უნდა გატარდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა, პუნქტებიც არის განსაზღვრული როგორი უნდა იყოს ეს რეფორმა და მის გატარებამდე არა თუ ახალი დანიშვნები არ უნდა დაიწყოს უზენაეს სასამართლოში, მიმდინარეც უნდა შეჩერებულიყო. მხოლოდ ახალი კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს დანიშვნები. მე და ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც არ მონაწილეობს, არ ვაპირებთ ამ პირობის დარღვევას. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ სათავისოდ იყენებს მიშელის დოკუმენტს და არღვევს ამ მოთხოვნას. ის კიდევ პრობლემაა, რამდენად შევძლებთ სწორი რეფორმის გატარებას ამ საპარლამენტო უმრავლესობის ხელში, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებამდე მოასწროს და მაქსიმალურად დააკომპლექტოს სასამართლო კორპუსი მისგან მორჩილი და კონტროლირებადი მოსამართლეებით“, – განაცხადა შავგულიძემ.