შალვა შავგულიძე - ძალოვან მინისტრებად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დასახელებამ შეიძლება, ნდობის პროცესი დააზიანოს
შალვა შავგულიძე - ძალოვან მინისტრებად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დასახელებამ შეიძლება, ნდობის პროცესი დააზიანოს

ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის განცხადებით, ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის, წარდგენის და დასახელების საჭიროება მთავრობისადმი უნდობლობის პროცედურიდან გამომდინარეობს.

მისივე განმარტებით, მთავრობისადმი უნდობლობის პროცედურა ითვალისწინებს, რომ ამ პროცესში დასახელებული უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი და ალტერნატიული ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი.

„საზოგადოებამ უნდა დაინახოს და შეაფასოს, არსებული პრემიერ-მინისტრი და მისი მინისტრთა კაბინეტი უფრო სანდოა, უფრო ეიმედებათ ამ ქვეყნის მართვისთვის, თუ შემოთავაზებული. ეს პროცედურითაა გათვალისწინებული, რადგან აყენებ უნდობლობის საკითხს“, – განაცხადა შავგულიძემ.

ამასთან, შალვა შავგულიძის შეფასებით, ძალოვან მინისტრებად მაინც და მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დასახელება გამართლებული არ იქნება.

„რაც შეეხება იმ საკითხს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ იქნენ დასახელებული, რა თქმა უნდა, ეს აჯობებდა, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ჩვენი საზოგადოების ძირითადი პრეტენზია არის სწორედ ძალოვანი სამინისტროების და ძალოვანი სტრუქტურების არასწორი მოქმედებების მიმართ.

სწორედ ამის პოლიტიკური ფასი გადაიხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება დაკარგა. ახლა ჩრდილოვან კაბინეტში ძალოვან მინისტრებად მაინც და მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დასახელებამ შეიძლება, დააზიანოს ის ნდობის პროცესი, რომელიც საზოგადოებას უნდა გაუჩნდეს ჩრდილოვანი დასახელებული კაბინეტის მიმართ. თავად „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ გაუჩნდება პრინციპული წინააღმდეგობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ გამართლებული არ იქნება ძალოვან მინისტრებად მაინც და მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დასახელება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ „მმართველი გუნდი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას მთავრობანას და პოლიტიკოსობანას თამაშს უწოდებს“, – შალვა შავგულიძე მათ ურჩევს, კონსტიტუცია და რეგლამენტი წაიკითხონ.

„იქ წერია, რომ როდესაც მთავრობას უცხადებ უნდობლობას, შენ ვალდებული ხარ, დაასახელო ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი და ჩრდილოვანი კაბინეტი. ეს პროცედურა გაწერილია კანონით. მმართველ გუნდს ვურჩევ, კანონი წაიკითხოს“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე.

თუმცა, მისივე თქმით, დღესვე უნდა შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში.

დატოვე კომენტარი