ევროპისა და ევრაზიის ბიუროში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის, ელჩ ერინ ელიზაბეთ მაკკის განცხადებით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოსთვის, რათა წარმოაჩინოს შესაძლებლობები, რომლებიც ვაჭრობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
როგორც ერინ ელიზაბეთ მაკკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა, საქართველოს შესანიშნავი შესაძლობელობა აქვს, დაიწყოს ახალი სავაჭრო ურთიერთობები და შექმნას ეკონომიკური შესაძლებლობები.
„სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემი ვიზიტის მიზნებს. საქართველოში აშშ-ის დელეგაციას ვხელმძღვანელობ, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა. ეს ფორუმი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოსთვის, რათა წარმოაჩინოს შესაძლებლობები, რომლებიც ვაჭრობის გაზრდას შეუწყობს ხელს. საქართველოს, რომელიც იმყოფება შუა დერეფნის გასწვრივ, შესანიშნავი შესაძლობელობა აქვს, დაიწყოს ახალი სავაჭრო ურთიერთობები და შექმნას ეკონომიკური შესაძლებლობები, რაც გადამწყვეტია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის და, გულწრფელად თუ ვიტყვით, ევროპის რეგიონისთვის“, – განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.
კითხვაზე, – „როგორც ახსენეთ, ამჟამად შუა დერეფნის საკითხი მართლაც მნიშვნელოვანია, ისევე როგორც პროექტები, რომლებიც ჩინეთს უკავშირდება და სხვა მრავალი, რაც მთლიანობაში დაკავშირებულია აბრეშუმის გზასთან. განსაკუთრებით საინტერესოა, მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?“ – ერინ ელიზაბეთ მაკკიმ აღნიშნა, რომ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, დივერსიფიკაციას, ალტერნატიულ მარშრუტებს შეუძლია, დაიცვას და საფუძველი მისცეს ეკონომიკურ კერთილდღეობას.
„შესაბამისად, სრულიად ვუჭერთ მხარს გაფართოების შესაძლებლობებს, სავაჭრო მარშრუტების გახსნას, ინფრასტრუქტურას, კავშირების დამყარებას და სხვა, ისევე როგორც ენერგეტიკული დივერსიფიკაციისთვის საჭირო კავშირებს და ალტერნატივებს ყველა ერისთვის. განსაკუთრებით საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, შეასრულოს მიმწოდებლისა და ფასილიტატორის როლი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. იმედი მაქვს, რომ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე წარმატების მიღწევის კონტექსტში, ნებისმიერ ქვეყანასთან პარტნიორობისას საქართველო ყურადღებას გაამახვილებს ხარისხზე, გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე და ვალდებულებებზე, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის პარტნიორობებთან, ვისთანაც არ უნდა იყოს ეს პარტნიორობა. დიდი ეკონომიკური კავშირები ის საკითხია, რასაც ჩვენ მთელი გულით ვუჭერთ მხარს, სწორედ ამიტომ ვიმყოფები დღეს საქართველოში“, – განაცხადა USAID-ის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება კითხვას, – „რას ფიქრობთ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მზარდ კონკურენციაზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის? ვგულისხმობ ჩინური და ინდური ეკონომიკური ინტერესების ზრდას რეგიონში დასავლეთის მხარდამხარ. ეს მართლაც რთული კონკურენციაა, თუ ჩვეულებრივი მოვლენა?“ – ერინ ელიზაბეთ მაკკის თქმით, კონკურენცია კარგია, რადგან გვთავაზობს არჩევანის საშუალებას.
„გვთავაზობს არჩევანს და თავისუფალ ერებს უზრუნველყოფს ინფორმირებული არჩევანით, რომ თავად აირჩიონ, ვისთან უნდა გააკეთონ ბიზნესი, ვისთან ივაჭრონ და სადაა ეკონომიკის დივერსიფიკაციის უკეთესი შესაძლებლობები ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, – განაცხადა ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.
ერინ ელიზაბეთ მაკკის განმარტებით, „აშშ მიესალმება გამჭვირვალე, მაღალი დონის პარტნიორობებს, ვისთანაც არ უნდა იყოს ეს პარტნიორობა, იმის გათვალისწინებით, რომ მასპინძელი ქვეყანა არ მოექცეს რაიმე არასასურველი ვალდებულების ქვეშ ან არ შეიზღუდოს არჩევანი, ვისთან უნდა გააკეთოს ბიზნესი და სად უნდა გაიტანოს საკუთარი ტვირთები“.
„თავისუფალი და ღია კონკურენციის ბაზრის დივერსიფიკაცია და არჩევანი, ვისთან აპირებთ ბიზნესის კეთებას, ეკონომიკური აღმავლობისა და დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშანია“, – განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.
გარდა ამისა, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეების მიმართ გზავნილებზე დასმული კითხვის პასუხად ერინ ელიზაბეთ მაკკიმ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებულად უჭერს მხარს საქართველოს, რათა ქვეყანამ შეძლოს, მოახდინოს სრული პოტენციალის რეალიზება, დაამყაროს ის კავშირები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ამასთან, USAID-ის წარმომადგენლის თქმით, აშშ, განსაკუთრებით კი USAID-ი, 32 წელზე მეტია, თანამშრომლობს საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობასთან, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანას, შექმნას მედეგი დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც ასევე გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე დემოკრატიულ პროცესებს, სადაც ყველა მოქალაქის არჩევანი გათვალისწინებულია, პროცესი ბოლომდე გამჭვირვალეა და სადაც დემოკრატიული პროცესები დაცულია.
მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი მნიშნველოვანია მოქალაქეებისათვის, რათა მოსახლეობას ჰქონდეს რწმენა დემოკრატიისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ.
„როგორც უკვე ვახსენე, 32 წელზე მეტია, რაც ვმუშაობთ ამ ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა დავეხმაროთ მათ, მარტივად აუხსნან ციფრული საარჩევნო პროცესი მოსახლეობას, რომელსაც ისინი აფართოებენ და რომელმაც უნდა მოიცვას მოსახლეობის 90 პროცენტი. ასევე, ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ მოქალაქეებს, რომ ხმა მიაწვდინონ მთავრობას. აგრეთვე, ვთანამშრომლობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა მათ კარგად გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.
ამასთან, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ აღნიშნა, რომ USAID-ი ამჟამად 40-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს საქართველოში.
„ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმიანობა განვახორციელეთ კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. „ძლიერი სოფლის“ პროგრამის ერთი წლის იუბილე აღვნიშნეთ. ეს პროგრამა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემებში მუშაობს და ხელს უწყობს მოსახლეობას, წვდომა ჰქონდეთ ბაზრებთან, იყვნენ კონკურენტუნარიანები, მიიღონ ის უნარები, რაც ამ ყველაფერში დაეხმარებათ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც კრემლის ოკუპაციის ჩრდილქვეშ ცხოვრობს. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მათ, ჰქონდეთ იმედი, შესაძლებლობები და შეძლონ, დარჩნენ საკუთარ სახლებში, რათა იქ შექმნან მომავალი, არა მარტო თავიანთი თავისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც. ასეთი ინვესტიციების განხორციელება ეკონომიკურ კეთილდღეობაში საუკეთესო გზაა, რათა ვაჩვენოთ რეალურად, რა შეუძლია დემოკრატიას“, – განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.
ერინ ელიზაბეთ მაკკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად ვითარდება.
„ჩვენ მზად ვართ, მოვიზიდოთ უფრო მეტი ინვესტიცია. ასევე, სიამაყით მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროსთან ერთად ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ის უნარები, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, ხაზს გავუსვამ, არა მარტო ახლა, არამედ მომავალ თაობებს 21-ე საუკუნეში, ინვესტირებული იყოს მასწავლებლებში და სკოლის სისტემაში. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ არაჩვეულებრივი ნიჭის საქართველოში დარჩენას, ადამიანების, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ეკონომიკის გაბრწყინებაში“, – განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.
USAID-ის წარმომადგენელის განმარტებით, ახალი პროგრამა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროსთან ერთად იწყებენ, ხუთწლიანია.
„Ის ეფუძნება იმ მრავალწლიან ინვესტიციებს, რომლებიც განათლების სფეროში განვახორციელეთ როგორც დაწყებით ეტაპებზე, ასევე უნივერსიტეტებში, განათლების ყველა დონეზე, სამუშაო ძალის განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს მასწავლებელების კვალიფიკაციის ამაღლებას. მინდა, აღვნიშნო, რომ ამერიკაშიც დიდი პრობლემა გვაქვს კვალიფიციური მასწავლებლების საკითხში. ჩვენ ხელს შევუწყობთ ქვეყანას, ჰყავდეს ისეთი მასწავლებლები, რომლებიც მოამზადებენ მომავალ თაობებს, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალში“, – განაცხადა ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.