ერინ ელიზაბეთ მაკკი - კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველგან, სადაც შეუძლია, მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესები, გამჭვირვალე არჩევნები, რათა არ მოხდეს ჩარევა
ერინ ელიზაბეთ მაკკი - კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველგან, სადაც შეუძლია, მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესები, გამჭვირვალე არჩევნები, რათა არ მოხდეს ჩარევა

ვიცით, რომ მსგავსი რამ ხდება, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ვუზრუნველყოთ დემოკრატიული პროცესები, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც ასევე აკვირდებიან სადამკვირვებლო მისიები, რათა არ მოხდეს არანაირი ჩარევა, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რუსეთს მართლა აქვს შესაძლებლობები, რომ გლობალურად ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში?“

„დემოკრატია დიდ საშიშროებას წარმოადგენს პუტინისთვის. ამას ყოველდღიურად ვხედავთ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებულ გადაცემებში. ვიტყოდი, რომ კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველგან, სადაც შეუძლია. ასე რომ, დიახ, ვიცით, რომ მსგავსი რამ ხდება, მაგრამ სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესები, გამჭვირვალე, დასაბუთებული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც ასევე აკვირდებიან სადამკვირვებლო მისიები, რათა არ მოხდეს არანაირი ჩარევა“, – განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობასთან, ცესკო-სთან და არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც, რათა დარწმუნდნენ, რომ განხორციელებული შეტევის, დეზინფორმაციისა და რაიმე ეჭვების შემთხვევაშიც, ხელს უწყობენ დემოკრატიული პროცესებისადმი მოქალაქეების ნდობის ჩამოყალიბებას.

„სწორედ იმიტომ ვმუშობთ ამდენს, რომ დავრწმუნდეთ, ეს პროცესი არის ნათელი, გამჭვირვალე, სადაც მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, რომელთა ხმებიც გათვალისწინებულია არჩევნებზე. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომობთ თქვენთან, საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ თუნდაც განხორციელებული შეტევის, დეზინფორმაციისა და რაიმე ეჭვების გაჩენის შემთხვევაშიც, ხელს ვუწყობთ მოქალაქეების ნდობის ჩამოყალიბებას დემოკრატიული პროცესებისადმი და, რა თქმა უნდა, თავად დემოკრატიული შედეგებისადმი“, – განაცხადა ევროპისა და ევრაზიის ბიუროში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.