უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ყოფილი საბჭოს წევრი - მოვიპოვეთ დოკუმენტები, რომლის მიხედვით, დავით გარეჯის კომპლექსის მონაკვეთზე საზღვრები საქართველოს ინტერესების საზიანოდ იყო დატანილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება. სხდომაზე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი წევრი გიორგი სვანაძე იკითხება, რომელიც დავით გარეჯის საქმის გარკვევაში 2014 წელს პრემიერ-მინისტრის მითითებით ჩაერთო.
როგორც მოწმემ განაცხადა, დავით გარეჯის მონასტრის ერთ-ერთმა მსახურმა, მამა კირიონმა პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ 2007 წლამდე მას თავისუფლად შეეძლო გადასვლა და მოძრაობა დავით გარეჯის მთელ კომპლექსში, 2007 წლის შემდეგ კი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეუზღუდეს გადაადგილების უფლება. სვანაძის განცხადებით, მამა კირიონმა სთხოვა პრემიერ-მინისტრს, დაევალებინა სათათბირო ორგანოსთვის, გაერკვია, რა ხდებოდა ამ კუთხით.
გიორგი სვანაძის თქმით, ვითარებაში გარკვევის მიზნით, ის ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს შეხვდა. მისი განცხადებით, მოიპოვა დოკუმენტები და ნახაზები, რომელიც მათი შედგენილი იყო.
ამასთან, სვანაძემ აღნიშნა, რომ კომისიის სხვა წევრებთან, ნოდარ ხორბალაძესთან და თედო გორგოძესთან ერთად, აღმოაჩინა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის მონაკვეთზე საზღვრები საქართველოს ინტერესების საზიანოდ იყო დატანილი.
„მთხოვა პრემიერმა, გამერკვია. ზოლის დატანამ ერთ რუკაზე უკვე თვალნათლივ გამოაჩინა, რომ არსებობდა სხვაობა 1936-1938 წლებთან შედარებით, საზღვრის ხაზი იყო შეცვლილი საქართველოს საწინააღმდეგოდ. ზოგ ადგილას აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ იყო, მაგრამ, ძირითადად, იყო საქართველოს საწინააღმდეგოდ. 1936 წლის რუკაზე ქედის ძირში გადიოდა საზღვარი, რაც მელაშვილის შედგენილ ნახაზში ასე არ გახლდათ. მის ნახაზში თხემზე გადიოდა. ილიჩოვასთან და მელაშვილითან რამდენიმეჯერ დაისვა ეს საკითხი, პასუხი არ იყო შეკითხვაზე, ეს ვინ გადაწყვიტა. ივერ მელაშვილმა, შეკითხვაზე, თუ ვინ გადაწყვიტა, რომ საზღვარი თხემზე გადისო, გაბრაზებულმა განაცხადა, მე გადავწყვიტეო; ძველი რუკებით საზღვარი საქართველოს საზიანოდ გადის და მე ვცდილობ, უკეთესი გავაკეთოო. ასე თქვა მელაშვილმა, რომ მსხვილმასშტაბიანი, 500-ათასიანი რუკა გამოვიყენეო“, – განაცხადა მოწმემ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მელაშვილი და ილიჩოვა მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.