უპრეცედენტო კვლევაში განსაზღვრეს, რამდენი გარეული ფრინველი ბინადრობს პლანეტაზე — #1tvმეცნიერება
უპრეცედენტო კვლევაში განსაზღვრეს, რამდენი გარეული ფრინველი ბინადრობს პლანეტაზე — #1tvმეცნიერება

ერთ-ერთი უდიდესი კვლევის ფარგლებში, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარებულა, მეცნიერებმა განსაზღვრეს, რამდენი გარეული ფრინველი ბინადრობს ამჟამად პლანეტაზე. ვიდრე გეტყვით, სცადეთ გამოცნობა და შემდეგ ნახავთ, რამდენად ახლოს იყავით რეალურ მაჩვენებელთან.

მზად ხართ? ოფიციალური მონაცემებით, ეს რიცხვი დაახლოებით 50 მილიარდია, თითქმის შვიდჯერ უფრო მეტი, ვიდრე ადამიანები დედამიწაზე. მოიცავს ფრინველთა 9700 სახეობას და მიღებული მაჩვენებელი ეფუძნება მილიარდზე მეტ დანახვასა და აღწერას, როგორც ამას მოყვარულ მეცნიერთა პორტალი eBird-ი გვთავაზობს.

ეს მონაცემები შეურწყეს ნამდვილ შემთხვევათა კვლევებს და შემდეგ, მასშტაბის ცვლილების ალგორითმით გამოიანგარიშეს პლანეტის ფრინველთა მთლიანი რაოდენობა იმ დაშვებით, რომ ზოგიერთი სახეობის შემჩნევა უფრო მეტად სავარაუდოა, ვიდრე სხვების.

„ადამიანებმა დიდი ძალისხმევა დახარჯეს ჩვენი საკუთარი სახეობის რაოდენობის დასათვლელად — პლანეტაზე 7,8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ეს კი პირველი ყოვლისმომცველი ძალისხმევაა სხვა სახეობის რაოდენობის დასათვლელად“, — ამბობს ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ეკოლოგი ვილ კორნუელი.

ზოგიერთი სახეობიდან, მაგალითად შავმკერდა სამთითას შემთხვევაში, დაახლოებით 100 ინდივიდიღა დარჩა. ზოგი სახეობის შემთხვევაშიც, რაოდენობა მილიონებს აღწევს. გვყავს „მილიარდერთა კლუბის“ წარმომადგენელი სახეობებიც: სახლის ბეღურა, ჩვეულებრივი შოშია, ცხვირსარტყელა თოლია და სოფლის მერცხალი.

მკვლევართა განცხადებით, მოულოდნელია, რომ ფრინველთა პოპულაციაში მხოლოდ ეს რამდენიმე სახეობა დომინირებს. ამის მიზეზი უკვე სამომავლო კვლევის საგანია. მეორე მხრივ, ფრინველთა დაახლოებით 12 სახეობას გლობალურად 5000-ზე ნაკლები ინდივიდი ჰყავს.

ამ სახის კვლევა შეუძლებელი იქნებოდა მოყვარულ მეცნიერთა მონაცემების გარეშე, რომელიც ჯგუფმა ინტერნეტში შეაგროვა. პორტალ eBird-იდან დაახლოებით 600 000 კონტრიბუტორის მიერ შეტანილი მონაცემები აიღეს და კვლევაში გამოიყენეს; ამავე დროს, მეცნიერები უფრო მეტ ადამიანს მოუწოდებენ მათ მიერ გადაღებულ ფრინველთა ამ პორტალზე შეტანას.

„მართალია, ეს კვლევა ფრინველებზე იყო ფოკუსირებული, მაგრამ ფართომასშტაბიან მონაცემთა ინტეგრაციის ჩვენეული მიდგომა ცხოველთა სხვა სახეობათა რაოდენობის დადგენის საშუალებასაც იძლევა“, — ამბობს გერმანიის ინტეგრაციული ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრის ბიოლოგი კორეუ კალაგანი.

კვლევის ავტორები აღიარებენ, რომ მათ მიერ მიღებულ რიცხვში არსებობს არასარწმუნოობის გარკვეული დონე, რისი თავიდან აცილებაც შეუძლებელია მრავალ მიზეზთა გამო — რამდენად ხშირად ხერხდება ზოგიერთი სახეობის დანახვა ადამიანთა მიერ, ანდაც წლიური მიგრაციები. სინამდვილეში, 50 მილიარდი კვლევისას მიღებული რაოდენობის საშუალო მაჩვენებელია, ისე კი ეს რაოდენობა 428 მილიარდამდე ავიდა.

„ამჟამად, ჩვენი მეთოდი შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენს ანალიზში გამოყენებული სავარჯიშო მონაცემებით და საჭიროებს დახვეწას“, — წერს ჯგუფი.

გარეულ ფრინველთა რაოდენობის უფრო ზუსტი რიცხვის მისაღებად, მეცნიერები ამ კვლევის ყოველ რამდენიმე წელიწადში გამეორებას გეგმავენ. შედეგად დავინახავთ პოპულაციათა ცვლილებებს დროთა განმავლობაში და ამავე დროს, ასეთი კვლევები მნიშვნელოვანი იქნება კონსერვაციის თვალსაზრისითაც.

ამ სახის კვლევის რეგულარული გამეორების წყალობით, ექსპერტები დაინახავენ, როგორ მოქმედებენ კონკრეტული სახეობები დროთა განმავლობაში; სწორედ ამის გამოა საზოგადოების თითოეული წევრის წვლილი ამ საქმეში ზედმეტად მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველებზე დაკვირვება პოპულარული ჰობია აშშ-სა და და გაერთიანებულ სამეფოში, სხვა ქვეყნებში ამ საქმით არც ისე ბევრი ადამიანია გატაცებული.

„სახეობაში ინდივიდთა რაოდენობის შეფასება გადამწყვეტი პირველი ნაბიჯია კონსერვაციაში. ამის ზუსტი შეფასებით, გვეცოდინება, რომელი სახეობა შეიძლება იყოს მოწყვლადი და დავაკვირდებით იმასაც, როგორ იცვლება ეს მახასიათებლები დროთა განმავლობაში“, — ამბობს კალაგენი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.