უნგრეთის პრეზიდენტი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს
უნგრეთის პრეზიდენტი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს

უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში სტუმარს ოფიციალურ დახვედრას დილიდან მოუწყობენ, რის შემდეგაც ის ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. პრეზიდენტები ორი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში არსებულ საკვანძო საკითხებს განიხილავენ, მათ შორის გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავენ და მედიის კითხვებს უპასუხებენ.

ჩანიშნულია შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოშიც. იანოშ ადერს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შექმნილი მინიატურების გამოფენის დათვალიერება. იანოშ ადერი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალსაც შეამკობს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იანოშ ადერი საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უნგრეთის პრეზიდენტს ასევე შეხვედრა ექნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა გაიაროს დეტალები, როგორ შეიძლება, მეტი დახმარება გაუწიოს საქართველოს.

უნგრეთის პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან, ანიტა ჰერჩეხთან ერთად გუშინ ეწვია. უნგრეთის ლიდერს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო უწყების წარმომადგენლები დახვდნენ.