საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი ეწვია. იანოშ ადერი თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.

უნგრელ მაღალჩინოსანს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო უწყების წარმომადგენლები დახვდნენ.

შეხვედრების ოფიციალური ნაწილი 5 სექტემბერს დაიწყება. პრეზიდენტის რეზიდენციაში სტუმარს ოფიციალურ დახვედრას დილიდან მოუწყობენ, რის შემდეგაც ის ქართველ კოლეგას შეხვდება. პრეზიდენტები ორი ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ საკვანძო საკითხებს განიხილავენ, მათ შორის გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები პრესკონფერენციას გამართავენ და მედიის კითხვებს უპასუხებენ.

„ეს არის უნგრეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. ინტენსიური სამუშაო გრაფიკია. საუბარი იქნება როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე. ჩვენსა და უნგრეთს შორის არის ძალიან კარგი, მეგობრული, ინტენსიური ურთიერთობა და დღევანდელი ვიზიტი ამის დასტურია. პოლიტიკურად უნგრეთი ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. ის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ნატო-სა და ევროკავშირში“, – აღნიშნა უნგრეთში საქართველოს ელჩმა, ზაალ გოგსაძემ.

მისი თქმით, საუბარი ასევე დაეთმობა ეკონომიკურ პროექტებსა და კულტურულ კავშირებს. ვიზიტის ფარგლებში იანოშ ადერი საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს.

ჩანიშნულია შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოშიც. იანოშ ადერს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შექმნილი მინიატურების გამოფენის დათვალიერება. იანოშ ადერი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალსაც შეამკობს.

უნგრეთის პრეზიდენტი თბილისში მეუღლესთან, ანიტა ჰერჩეხთან ერთად ჩამოვიდა და ქვეყანას 5 სექტემბერს დატოვებს.