უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, არასრულწლოვანთა საპატიმრო საქმეებზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება შესაძლებელი უნდა იყოს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა ან დაგვიანებით ჩატარება მცირე საგამოძიებო ვადის და არსებული ხარვეზიანი საგამოძიებო სისტემის შედეგია, – ამის შესახებ აღნიშნულია ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში, რომელიც პირველმა არხმა მოიპოვა.
პროექტის თანახმად, ასეთი სისტემა საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს როგორც პრაქტიკული, ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით.
შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანა წინასასამართლო სხდომის გამართვის ვადასთან დაკავშირებით.
„დღევანდელი კანონმდებლობა არ იძლევა დასახელებული ვადის გაგრძელების შესაძლებლობას მაშინაც კი, როდესაც საქმე კომპლექსურია და ვადის გაგრძელება ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება. კომისია პოზიტიურად აფასებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში სრულწლოვანთა პროცესისაგან განსხვავებული ვადის დადგენას, თუმცა, დასაბუთებული პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული ვადის გაგრძელება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სასამართლო კონტროლის გზით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დასკვნის პროექტის თანახმად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია რამდენიმე რეკომენდაციასაც გასცემს.
„უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლებითაც შესაძლებელი გახდება გამოძიებაზე პასუხისმგებელი სუბიექტების განსაზღვრა, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების მკაფიოდ გამიჯვნა, გამოძიების ხარისხის და გამომძიებელთა პასუხისმგებლობის გაზრდა; უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მეშვეობითაც, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელი გახდება არასრულწლოვანთა საპატიმრო საქმეებზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება; შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები“, – ნათქვამია უმრავლესობის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში.