უკრაინული მედიის ცნობით, კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა
კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკიე ნოვოსტი“ თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პოროშენკოს სასამართლოში მიყვანას ისახავს მიზნად.
პეტრო პოროშენკოს ადვოკატმა, ილია ნოვიკოვმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში, მაგრამ ეს არ მოხდება იმ თარიღში, როდესაც ამას პროკურატურა და გამოძიების სახელმწიფო ბიურო მოითხოვენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკოს დაკავების შუამდგომლობას უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სიმონენკომ მოაწერა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნაა გათვალისწინებული.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს. ის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაკითხვაზე 23 დეკემბერს დაიბარეს.