უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან ორი მინისტრის გადადგომას დაუჭირა მხარი, ერთზე კი ვერ შეთანხმდა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მიიღო.
რადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანინიშინას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილებას მხარი 241-მა დეპუტატმა დაუჭირა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, 5 სექტემბერს უწყება იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება და მას ისევ სტეფანიშინა უხელმძღვანელებს.
სტეფანიშინა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე 2020 წლის ივნისში დაინიშნა.
მიმდინარე კვირას უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავრობის დიდი გადატვირთვა“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც მინისტრთა კაბინეტის „შემადგენლობის 50%-ზე მეტი“ შეიცვლება.
ამ განცხადების შემდეგ კი ოლგა სტეფანიშინამ თანამდებობა დატოვა.
ამასთან, რადამ ასევე მხარი დაუჭირა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის, ოლექსანდრ კამიშინის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას, გადაწყვეტილებას 243-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
ამავე დროს, რადა ვერ შეთანხმდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ირინა ვერეშჩუკის გათავისუფლებაზე. გადაწყვეტილებას მხოლოდ 214-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.