უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან ორი მინისტრის გადადგომას დაუჭირა მხარი, ერთზე კი ვერ შეთანხმდა

15:38, 04.09.2024

უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მიიღო.

რადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანინიშინას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილებას მხარი 241-მა დეპუტატმა დაუჭირა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, 5 სექტემბერს უწყება იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება და მას ისევ სტეფანიშინა უხელმძღვანელებს.

სტეფანიშინა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე 2020 წლის ივნისში დაინიშნა.

მიმდინარე კვირას უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავრობის დიდი გადატვირთვა“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც მინისტრთა კაბინეტის „შემადგენლობის 50%-ზე მეტი“ შეიცვლება.

ამ განცხადების შემდეგ კი ოლგა სტეფანიშინამ თანამდებობა დატოვა.

ამასთან, რადამ ასევე მხარი დაუჭირა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის, ოლექსანდრ კამიშინის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას, გადაწყვეტილებას 243-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

ამავე დროს, რადა ვერ შეთანხმდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ირინა ვერეშჩუკის გათავისუფლებაზე. გადაწყვეტილებას მხოლოდ 214-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მსგავსი