უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუსმა სეპარატისტებმა, ბოლო 24 საათში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10-ჯერ დაარღვიეს
უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსმა სეპარატისტებმა, ბოლო 24 საათში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10-ჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეპარატისტებმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღებიდან გახსნეს ცეცხლი და 120-მილიმეტრიანი და 82-მილიმეტრიანი კალიბრის იარაღებიდან ისროდნენ. ასევე გამოიყენეს ქვეითთა საბრძოლო მანქანის შეიარაღება, ნაღმმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები.
პარალელურად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, რომ მინსკის შეთანხმება ცვლილებებს საჭიროებს და რუსეთის პოზიციის მიუხედავად, კიევი შეთანხმების ახალ რედაქციაზე მუშაობს.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ „ომი გრძელდება და კიევს არ შეუძლია დაუშვას, რომ რუსეთმა, რომელმაც ომი დაიწყო, მარტივად შეძლოს მისგან თავის დაღწევა“.