უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ორ-სამჯერ ძვირად ყიდულობს
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ორ-სამჯერ ძვირად ყიდულობს

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ორ-სამჯერ უფრო ძვირად ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ზნ.უა“ თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმების მიხედვით, რომელიც 23 დეკემბერს გაფორმდა, თავდაცვის სამინისტრო პოლტავის, სუმის, კიევის, ჟიტომირის, ჩერნიჰივისა და ჩერკასკის ოლქებში განთავსებული სამხედრო ნაწილებისთვის საკვები პროდუქციის შესყიდვაზე 13,16 მილიარდ ჰრივნას დახარჯავს.

გამოცემა წერს, რომ ხელშეკრულებაში პროდუქტები ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ორ-სამჯერ ძვირად არის შეფასებული. მაგალითისთვის, ერთი კვერცხის ღირებულება მაღაზიაში 7 ჰრივნაა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ერთი კვერცხის ღირებულებად 17 ჰრივნა მოჰყავს. ერთი კილოგრამი კარტოფილის შესყიდვა 22 ჰრივნადაა დაგეგმილი, როდესაც ბაზარზე მისი ფასი 8-9 ჰრივნაა.
ამასთან, გამოცემის განმარტებით, მათ მიერ შესადარებლად გამოყენებული ფასები საცალოა და აღნიშული პროდუქტების საბითუმო ღირებულება უფრო ნაკლებია.

უკრაინული გამოცემა წერს, რომ განმარტებისთვის თავდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.