უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, დეზერტირობისა და დაუმორჩილებლობისთვის სასჯელი გაამკაცროს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი მოუწოდებს პრეზიდენტ ზელენსკის, დეზერტირობისა და დაუმორჩილებლობისთვის სასჯელი გაამკაცროს. ზალუჟნის თქმით, უსამართლობაა, რომ უკრაინელ დეზერტირებს, ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, სასჯელი აღარ ემუქრებათ.
მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ზალუჟნი „ტელეგრამის“ არხში წერს.
„დღეს უნდა წამოვწიო ძალიან რთული თემა. ესაა სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების, დეზერტირობის, ბრძოლის ველის თვითნებურად დატოვების, იარაღის გამოყენებაზე უარის თქმისა და სხვა ბრძანებების შესრულებაზე უარის გამო პასუხისმგებლობის გამკაცრება. მხარს ვუჭერ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც უმაღლესმა რადამ მიიღო და ვთხოვ პრეზიდენტს, ხელი მოაწეროს კანონს“, – წერს ვალერი ზალუჟნი.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური წერს, არმიაში აუცილებელია მკაცრი დისციპლინა. ზალუჟნის თქმით, მიუღებელია, რომ დღეს კანონში არსებული ხარვეზის გამო უკრაინელების ნაწილს, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, სხვა სასჯელი არ ემუქრებათ.
„ფრონტის ხაზის დაუცველი ნაწილების დაფარვა სხვა სამხედრო მოსამსახურეებს უწევთ, რაც ზრდის პირადი შემადგენლობის, ტერიტორიისა და იქ მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების დანაკარგს“, – წერს ვალერი ზალუჟნი.
უკრაინელების ნაწილი პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდებს, ვეტო დაადოს უმაღლესი რადას მიერ მიღებულ კანონს, რომელიც დეზერტირობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ონლაინპეტიციას, რომელიც კანონის მიღების წინააღმდეგაა მიმართული, ხელი მოაწერა 32 000-ზე მეტმა უკრაინელმა. კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ, თუ პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკანონმდებლო ცვლილებებს, მაშინ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას მიეცემა უპრეცედენტო ბერკეტი სამხედროების შანტაჟისა და ნებისმიერი კრიტიკული შენიშვნის გამო მათი ციხეში გაგზავნისთვის. მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე მან თანამდებობიდან გაათავისუფლა ათი გენერალი, კიდევ ერთმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.