უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით დილის მონაცემებს აქვეყნებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ადგილობრივი დროით, 06:00 საათის მონაცემებს ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის თავდაცვის ძალები თავდაცვით პოზიციებს იკავებენ და რუსულმა საოკუპაციო ძალებმა შეტევის ტემპი შეამცირეს.
„რუსეთის სამხედრო შეჭრის საპასუხოდ, უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის მე-15 დღე დაიწყო. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის შეკავებას დონეცკის, სლობოჟანსკისა და ტავრიჩესკის ოპერატიული რაიონების ნაწილებში. მიმდინარეობს ქალაქების – ხარკოვისა და ახტირკას თავდაცვა. ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მტრის წინსვლის აღსაკვეთად. ქალაქ მარიუპოლის ყოვლისმომცველი თავდაცვა გრძელდება“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაფარვას (გაკონტროლებას).
„სევერშჩინაში უკრაინის თავდაცვის ძალები ქალაქ ჩერნიგოვის თავდაცვას უზრუნველყოფენ. კიევის მიმართულებით მოწინააღმდეგის წინსვლის შესაჩერებლად ზომები მიიღება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კიევის თავდაცვის ძალებისა და საშუალებების დაჯგუფება მუდმივ მზადყოფნაშია მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად, რომელიც საცეცხლე ზიანს აყენებს ოკუპანტების შემტევ ჯგუფებს და ამაგრებს გარკვეულ თავდაცვის ხაზებს. ასევე სამხრეთ მიმართულებით, მტერი შეკავებულია ქალაქების: კრივოი-როგის, ნიკოლაევის, ვოზნესენსკისა და ნოვოვორონცოვკის დასახლების (ხერსონის ოლქი) მიმართულებით. სხვა მიმართულებებით ჯარების დაჯგუფებები აწარმოებენ სტაბილიზაციის ოპერაციას და ასრულებენ ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებს.
ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფება იგერიებს სარაკეტო იერიშებს, დაბომბვებს და ანადგურებს მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალებებს, უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვას უკრაინის მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ჯარების დაჯგუფებისთვის.
„მტერმა წინსვლა შეანელა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მე-15 დღისთვის ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. 24 თებერვლიდან 10 მარტამდე პერიოდში საოკუპაციო ჯარების საბრძოლო დანაკარგები: პირადი შემადგენლობის 12 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 335 ერთეული ტანკი, 1 105 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 123 ერთეული საარტილერიო სისტემა, 56 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 29 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 49 ერთეული თვითმფრინავი, 81 ერთეული ვერტმფრენი, 526 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, სამი ერთეული კატერი/ხომალდი, 60 ერთეული საწვავის ავზი, შვიდი ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 9 მარტის მდგომარეობით, ომის დაწყებიდან 474 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.