მედიის ცნობით, სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
მედიის ცნობით, სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კოსოვოს გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო.

კერძოდ, საუბარია კოსოვოს ხელმძღვანელობის მიერ შემოღებულ წესზე, რომლითაც კოსოვოს ტერიტორიაზე სერბული სანომრე ნიშნიანი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება. როგორც მედია წერს, აღნიშნული წესი პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, პრიშტინაში გადაწყვეტილებას გადახედეს.

კონკრეტულად კი, დღეიდან სამი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებსაც კოსოვოს სანომრე ნიშნები არ ექნებათ, უბრალოდ გააფრთხილებენ, შემდგომი ორი თვის განმავლობაში ჯარიმებს გამოუწერენ, ხოლო შემდეგი სამი თვე, ანუ, 21 აპრილამდე დროებითი სანომრე ნიშნები იმოქმედებს.

ამ ფონზე, სერბეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ სერბეთი არ უნდა მოდუნდეს. როგორც სერბეთის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, სერბეთის არმია სერბეთის მოქალაქეების, მათ შორის კოსოვოში მცხოვრები სერბების დაცვისას, მზადაა პრეზიდენტის ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად.

ამასთან, ბელგრადში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ დიალოგს, თუმცა მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზადყოფნა აუცილებელია.