უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლები 1,2 კილომეტრით დაწინაურდნენ
ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლები 1,2 კილომეტრით დაწინაურდნენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლური ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
„ვისარგებლეთ იმით, რომ შემოსულმა ქვედანაყოფებმა ჯერ ბოლომდე არ იციან ტერიტორია, არ ჩაუტარებიათ შესაბამისი დაზვერვითი სამუშოები. რამდენიმე დღეა, ვაწარმოებთ თავდასხმით ოპერაციებს. წინა დღეების განმავლობაში ზოგიერთ რაიონში 1 200 მეტრამდე დავწინაურდით. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მრავალი თვეა მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჩერევატიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, ბოლო დღეებში ბახმუტის მიმართულებით 15 შეტაკება და ხუთი საჰაერო იერიში განხორციელდა. ამავე დროს დაიღუპა რუსეთის 120 მეომარი, დაიჭრა 163 და 11 ტყვედ ჩავარდა.