უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოში უკრაინის ელჩის მისამართით ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, ბრალმდებლის ემოციების გარდა, უკრაინული დიპლომატია ამაზე არ მოცდება
საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, ბრალმდებლის ემოციების გარდა, უკრაინული დიპლომატია ამაზე არ მოცდება და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც უწყება საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან საჯარო პირები, თავი შეიკავონ მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან. ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეფასებული იყოს, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა. უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს და მომავალში არ მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო არენაზე ამგვარ ქმედებებს.
საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, გარდა ბრალმდებლის ემოციებისა. უკრაინული დიპლომატია არ მოცდება მათ გამო და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის წინააღმდეგობის ეფექტიანად გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.
„ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ხდება ფოკუსირება მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.