უკრაინის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ორი მოქალაქის საქმის სწრაფი, მიუკერძოებელი განხილვისკენ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და მათი გათავისუფლებისკენ
ვსარგებლობთ შემთხვევით, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ორი მოქალაქის საქმის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვისკენ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარშია ნათქვამი.
„ერთ-ერთი ბოლო რეზონანსული შემთხვევა, როდესაც უკრაინელებს საზღვარგარეთ დასჭირდათ თავიანთი სახელმწიფოს დახმარება, იყო საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების მიერ ხომალდის დაკავება, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა უკრაინის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი, ასევე საქართველოს მოქალაქე მიხაილ ბატურინი. ამ საქმეში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით უმოქმედობის ბრალდებები უსაფუძვლოა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
ეს საკითხი თბილისში უკრაინის საელჩოს მუშაობის ძირითად პრიორიტეტებს შორის არის. მათ გასათავისუფლებლად საელჩომ ჩაატარა მრავალი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პროკურატურის ხელმძღვანელობასთან. ჩვენი საელჩოს კონსული დაეხმარა დაკავებული უკრაინელების ახლობლებთან დაკავშირების უზრუნველყოფაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოში უკრაინის საელჩომ გაგზავნეს შესაბამისი ნოტები და წარადგინეს შუამდგომლობა, რომ თავდებად დაუდგნენ უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებს.
უკრაინელი დიპლომატები მეზღვაურების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია, რადგან უკრაინული სახელმწიფო არასდროს ტოვებს თავის მოქალაქეებს ბედის ანაბარა.
ვსარგებლობთ შემთხვევით, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას ამ საქმის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვისკენ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.