მიხეილ ყაველაშვილი - უკრაინელ მაღალჩინოსნებს უნდათ, შექმნან მითი, რომ სააკაშვილი კვდება, მისი მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ არსებობს, ეს საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფაა
მიხეილ ყაველაშვილი - უკრაინელ მაღალჩინოსნებს უნდათ, შექმნან მითი, რომ სააკაშვილი კვდება, მისი მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ არსებობს, ეს საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფაა

უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების გამოძახილები, რომ მეორე ფრონტის გახსნის სურვილი ჰქონდათ, არაერთხელ მოგვისმენია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა უკრაინის საგარეო უწყების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, უკრაინელ მაღალჩინოსნებს უნდათ, შექმნან მითი, რომ სააკაშვილი კვდება, მისი მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ არსებობს, რათა საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, უნდა მოვთხოვთ ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

„უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების გამოძახილები, რომ მეორე ფრონტის გახსნის სურვილი ჰქონდათ, არაერთხელ მოგვისმენია. ამას ვამხელდით და დღემდე ვამხელთ. ამ ადამიანებს ვამხელდით, რომლებიც ამ სპეცოპერაციის და დაგეგმილი პროცესის მონაწილეები არიან, ახლაც იგივე გრძელდება. ამ ადამიანის საშუალებით უნდათ იგივე ხაზი გააგრძელონ, როგორმე შექმნან მითი, რომ ადამიანი კვდება, მისი მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ არსებობს და როგორმე მოხდეს უცხო ქვეყანაში გადაყვანა. ეს ყველაზე მეტად საქართველოს სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, დამოუკიდებლობის – ყველას შეურაცხყოფაა. ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, ეს არავინ არ უნდა დაუშვას, პირიქით, უნდა მოვთხოვთ ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. არაფერი არ სჭირს ამ ადამიანს. თუ სჭირს, იუსტიციის მინისტრმა იმაზე ბევრად უკეთესი პირობები შეუქმნა, რაც მას სინამდვილეში ესაჭიროება. ამ ადამიანს ბევრად მეტი კომფორტი აქვს, ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანაზეა საუბარი და გუშინ განაცხადეს, რამდენი უჯდება სახელმწიფოს მისი ასეთ კომფორტში ყოფნა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ქართულ მხარეს მოუწოდებს, „უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, რათა ის გადაყვანილი იყოს ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის“.