უკრაინის რადამ ეროვნული საფრთხეების პრევენციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
უკრაინის რადამ ეროვნული საფრთხეების პრევენციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

უკრაინის რადამ დაამტკიცა პრეზიდენტის კანონპროექტი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების პრევენციის შესახებ, რომელიც ოლიგარქების გავლენას უკავშირდება.

როგორც „უნიანი“ წერს, ახალი კანონი განსაზღვრავს, რომ ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს სულ მცირე სამ კრიტერიუმს –  1. მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში; 2. შეუძლია, გავლენა მოახდინოს მედიაზე; 3. არის საწარმოს მფლობელი, კანონის ძალაში შესვლის დღიდან არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან ფლობს მონოპოლიურ პოზიციას ბაზარზე, ზედიზედ ერთი წელი ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ პოზიციას, იმ ბიზნეს სუბიექტების აქტივების დადასტურებული ღირებულება, რომლის ბენეფიციარიც არის, აღემატება მილიონს.

გამოცემის ცნობით, დადგენილია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირის (ოლიგარქის) აღიარების გადაწყვეტილებას იღებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭო უკრაინის მინისტრთა კაბინეტის, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს წევრის, უკრაინის ეროვნული ბანკის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ან უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის წინადადების საფუძველზე.

ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ არის საფუძველი, რომ იგი შევიდეს პირთა რეესტრში, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასეთი რეესტრი არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც შექმნილია ოლიგარქების შესახებ ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად და დამუშავებისთვის. ამ მოქალაქეებს ეკრძალებათ, წვლილი შეიტანონ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაში და გახდნენ მყიდველები ე.წ. დიდი პრივატიზაციის პროცესში.

ამასთან, იგეგემება ანტიმონოპოლიური, ლობირების შესახებ კანონების და სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება, რომლებიც მოახდენენ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების რეფორმირებას. დოკუმენტი ამოქმედდება ექვს თვეში და ძალაში იქნება 10 წლის განმავლობაში.