პოლონური მედია - გერმანიას სურს, უნგრეთის მიერ განბლოკილი 6,6 მილიარდი ევრო მთლიანად უკრაინას გადაეცეს, რასაც პოლონეთი ეწინააღმდეგება
პოლონური მედია - გერმანიას სურს, უნგრეთის მიერ განბლოკილი 6,6 მილიარდი ევრო მთლიანად უკრაინას გადაეცეს, რასაც პოლონეთი ეწინააღმდეგება

გერმანიას სურს, უნგრეთის მიერ განბლოკილი 6,6 მილიარდი ევრო მთლიანად უკრაინას გადაეცეს, რასაც პოლონეთი ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პოლონური მედია წერს.

მათივე ცნობით, პოლონეთი მოითხოვს, სრულად აუნაზღაურდეს უკრაინისთვის ადრე გადაცემული იარაღის ღირებულება. ვარშავა დაახლოებით 450 მილიონი ევროს დაბრუნებას ითხოვს და აცხადებს, რომ „ყოველი ევროსთვის იბრძოლებს“.

ამავე დროს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოვიდა ინიციატივით, რომ თანხის ნაწილი მოხმარდეს უკრაინელი სამხედროების წვრთნასა და უკრაინისთვის იარაღის ერთობლივ შესყიდვებს, ხოლო ქვეყნები მხოლოდ ნაწილობრივ მიიღებენ კომპენსაციას.

პოლონეთი კალასის გეგმას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ თანხა იმ სახელმწიფოებს ეკუთვნით, რომლებმაც უკრაინას იარაღი უკვე გადასცეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჩეზარი ტომჩიკის ​თქმით, ნაკლები ანაზღაურება ქვეყნის თავდაცვისთვის ნაკლებ რესურსს ნიშნავს.

მეორე მხრივ, გერმანია მიიჩნევს, რომ 6,6 მილიარდი ევრო პირდაპირ უკრაინის მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს და არა წევრი ქვეყნების ბიუჯეტში დაბრუნდეს. ბერლინი აღნიშნავს, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი სოლიდარობის მიზნით შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი უკრაინის დახმარებაა. პოლონური მხარე კი უსამართლოდ მიიჩნევს იმ ქვეყნებისთვის ანაზღაურების შემცირებას, რომლებმაც უკრაინას დახმარება ომის პირველ ეტაპზე გაუწიეს მაშინ, როცა ზოგიერთი სახელმწიფო, მათ შორის გერმანია, უკრაინის მხარდაჭერაში მოგვიანებით ჩაერთო.