უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რადამ ალექსეი გონჩარუკი დაამტკიცა
უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რადამ ალექსეი გონჩარუკი დაამტკიცა

მეცხრე მოწვევის უმაღლესმა რადამ პირველ სხდომაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ალექსეი გონჩარუკი დაამტკიცა. მას 290-მა დეპუტატმა მისცა ხმა. გონჩარუკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

აღსანიშნავია, რომ გონჩარუკის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინამ“, „გოლოსმა“, პეტრო პოროშენკოს „ევროპულმა სოლიდარობამ“ და „ოპოზიციურმა პლატფორმამ – სიცოცხლისთვის”.

რადაში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და სახელმწიფო ვალის დაფარვის აუცილებლობაზე.

პირველ სხდომაზე რადამ ასევე დაამტკიცა ალექსეი გონჩარუკის მთავრობის შემადგენლობაც. ახალ მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა და ფინანსთა მინისტრმა ოქსანა მარკაროვამ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვადიმ პრისტაიკო უხელმძღვანელებს, რომელიც უკრაინას ნატო-ში წარმოადგენდა. ევროსაბჭოში უკრაინის წარმომადგენელმა დმიტრი კულებამ კი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერის პოსტი დაიკავა. თავდაცვის მინისტრი ანდრეი ზაგოროდნიუკი გახდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს კი ივან ბაკანოვი ჩაუდგა სათავეში.

მთავრობის ახალ შემადგენლობას 281 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 26-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში 17 მაღალჩინოსანი შედის, რაც წინა მთავრობისგან განსხვავებით რვა ადამიანით ნაკლებია. ახალი კაბინეტი 19-ის ნაცვლად 15 სამინისტროსგან შედგება.