უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება

უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც მომავალი არჩევნების ჩატარებას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ითვალისწინებს.

ამის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი რადას ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ირკვევა, ამ შეთანხმებას უკრაინის საპარლამენტო პარტიებმა 10-12 ნოემბერს „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ახლა გავრცელდა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უმაღლესი რადას ხელმძღვანელობა, მე-9 მოწვევის უმაღლესი რადას საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეები, ასევე დელეგირებული წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მომავალი ეროვნული არჩევნები გაიმართება საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ, არჩევნების ჩასატარებლად მომზადებისთვის საკმარისი დროის გათვალისწინებით, ანუ საომარი მდგომარეობის დასრულებიდან, მინიმუმ, ექვსი თვის შემდეგ.

დოკუმენტს ხელს აწერენ: ფრაქცია „ხალხის მსახურიდან“ დავით არახამია, იულია ტიმოშენკო „ბატკივშჩინიდან“, ირინა გერაშენკო „ევროსოლიდარობის“ ფრაქციიდან და სხვა საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლები.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, იმუშაონ სპეციალური კანონის შემუშავებაზე, რომელიც დაარეგულირებს ომის შემდგომი პირველი არჩევნების სპეციფიკას.