უკრაინის ომბუდსმენი ხურვალეთში ჩავიდა - ჩვენ ერთი მტერი გვყავს, ბევრი უნდა გავაკეთოთ, რომ მსოფლიომ რუსეთზე გავლენა მოახდინოს
უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. დენისოვა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან ერთად ჩავიდა.
ნინო ლომჯარია უკრაინელ კოლეგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე ესაუბრა.
ადგილზე ვითარება უკრაინის ომბუდსმენს სუს-ის წარმომადგენლებმა გააცნეს.
„ჩვენც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ძალიან აღელვებული ვარ, რომ ამას ვხედავ. ვხედავ ოკუპირებულ მხარეს მოხუც ქალბატონს, რომელსაც არ შეუძლია, სამედიცინო დახმარება მიიღოს. ჩვენც გვაქვს ეს პრობლემა, მაგრამ ჩვენთან ასე რთულად არაა. ჩვენთან მუშაობს ორი გამშვები პუნქტი, ადამიანებს აქვთ საშუალება, შეზღუდვის პირობებშიც გადმოვიდნენ და მიიღონ პენსია, აიღონ პროდუქტები. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი მტერი გვყავს და სამყარო უნდა გაერთიანდეს, ახალი მიდგომები, ახალი სანქციები უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მთლიანად საქართველოს იდენტურობა ნადგურდება. ასეთი ვითარებაა უკრაინაშიც – ცდილობენ, გაანადგურონ უკრაინელების კვალი. თქვენთან არ ისვრიან, არ არის ამის საშიშროება. ჩვენთან ისვრიან და ადამიანები იღუპებიან. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ, რომ მსოფლიომ მოახდინოს გავლენა რუსეთზე“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.