უკრაინის კულტურის მინისტრმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიაზე ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა  
უკრაინის კულტურის მინისტრმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიაზე ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა  

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო დაესწრო.

როგორც ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრ ტკაჩენკომ განაცხადა, ომის მიუხედავად, უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი მიაგონ უდიდესი ქართველის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას.

მისივე განცხადებით, უკრაინაში აფასებენ არა მხოლოდ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციას.

„ომის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში იღუპება ხალხი, ჩვენთვის, უკრაინის მთავრობისთვის და უკრაინის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი მივაგოთ უდიდესი ქართველის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინაში აფასებენ არა მხოლოდ მის ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციას“, – განაცხადა უკრაინის კულტურის მინისტრმა.

ამასთან, უკრაინის კულტურის მინისტრმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა.

„პატივი მაქვს, წაგიკითხოთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა: ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს. ამ მწუხარების ჟამს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო, დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო; ლეგენდის, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას. გლოვის ნიშნად, თავს ვიხრი უნიკალური სულის, სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად. ვახტან კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება“, – აღნიშნულია წერილში.

ალექსანდრ ტკაჩენკომ დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილებს რამდენიმე წინადადებით ქართულადაც მიმართა:

„ვიცი, რომ ბატონმა ვახტანგმა თარგმნა უკრაინული სიმღერა და ამიტომ მსურს, ვთქვა რამდენიმე სიტყვა ქართულად. რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში როცა იღუპებიან მებრძოლები ან მაშველები, ექიმები, არტისტები, ამბობენ, გმირები არ კვდებიან. ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს. გმირები არ კვდებიან, ნათელი ხსოვნას“, – განაცხადა უკრაინის კულტურის მინისტრმა.