უკრაინის ხელისუფლება ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილის გამოძიებაში გაერო-სა და წითელ ჯვარის ჩართვას ითხოვს
უკრაინის ხელისუფლება ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილის გამოძიებაში გაერო-სა და წითელ ჯვარის ჩართვას ითხოვს

უკრაინის ხელისუფლება ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილის გამოძიებაში გაერო-სა და წითელ ჯვარის ჩართვას ითხოვს.

როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კოლონიაზე დარტყმას 50-ზე მეტი უკრაინელი ტყვე ემსხვერპლა. მოსკოვი და კიევი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ დაჭრილების დროულად ევაკუაციის მიზნით, ელენოვკის კოლონიაში შესვლას ეცდებიან.

რუსეთის ცნობით, დარტყმის შედეგად ათეულობით ტყვე დაიჭრა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება მოითხოვა.

„მე მომაწოდეს ინფორმაცია ელენოვკაში ოკუპანტების დარტყმის თაობაზე. ეს იყო განზრახ ჩადენილი ომის დანაშაული. ეს იყო უკრაინელი ტყვეების განზრახ მასობრივი მკვლელობა. 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როდესაც „აზოვსტალის“ მცველები ქარხანას ტოვებდნენ, წითელი ჯვრის კომიტეტი და გაერო გახდნენ გარანტორები, რომ მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იქნება. უკრაინის შეიარაღებული ძალები, უსაფრთხოების სამსახურები, მთავარი სადაზვერვო სამმართველო და უმაღლეს რადაში ადამიანის უფლებათა დამცველი მიმართავენ ერთობლივად გაერო-ს და წითელ ჯვარს როგორც გარანტორებს. მხარს ვუჭერ ამ მიმართვას და ახლა გარანტორებმა უნდა დაიცვან ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვის სიცოცხლე. ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ რუსეთი უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ. ამიტომ ,განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს. ეს გადაწყვეტილება საჭიროა და მისი მიღება საჭიროა ახლავე. რუსეთმა დაადასტურა, არაერთი ტერორისტული აქტით, რომ ის არის ტერორიზმის ყველაზე დიდი წყარო მსოფლიოში“, – განაცხადა ზელენსკიმ.