გაერო-ს მისია ელენოვკაში აფეთქების გამოსაძიებლად დონბასში ჩავა
გაერო-ს მისია ელენოვკაში აფეთქების გამოსაძიებლად დონბასში ჩავა

გაერო-ს მისია უახლოეს დღეებში დონბასში ჩავა ელენოვკაში მომხდარი აფეთქების გამოსაძიებლად. სააგენტო „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როზმარი დი კარლომ განაცხადა.

მისი თქმით, გაერო-ს მისია უკვე ჩამოყალიბებულია და უახლოეს დღეებში გაემგზავრება დონბასში, რათა გამოიძიოს აფეთქებები ელენოვკას კოლონიაში, რომლის შედეგადაც, 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა და 75-დან 130-მდე დაშავდა.

„მისიის ხელმძღვანელს, ალბერტო დოს სანტოს კრუსს თან ახლავს გამოცდილი ექსპერტები. მისიას გარე ჩარევის გარეშე მუშაობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ასევე, უნდა ჰქონდეს უსაფრთხო, საიმედო და შეუფერხებელი წვდომა ადამიანებთან, ადგილებთან და მტკიცებულებებთან“, – განაცხადა დი კარლომ.

აფეთქება ელენოვკაში, რომელიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, 29 ივლისს, დილით მოხდა. რუსეთი უკრაინას კოლონიაზე HIMARS სისტემებით დარტყმაში ადანაშაულებს. კიევი ამას კატეგორიულად უარყოფს. „დოიჩე ველეს ცნობით“, სამხედრო ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსებმა ელენოვკაში გამოიყენეს თერმობარული საბრძოლო მასალა.