უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ხურვალეთში გამყოფ ხაზთან ჩავიდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ ვადიმ ჩერნიშთან ერთად, სოფელ ხურვალეთში, გამყოფ ხაზთან ჩავიდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ სიტუაციას და საქართველოს მოქალაქე დათა ვანიშვილისგან, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, პირადად მოისმინეს ინფორმაცია შექმნილი სირთულეების შესახებ.
ლაშა დარსალიამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ბევრი საერთოა, მათ შორის პრობლემები, რომლებიც გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ.
„ამ ადგილას მოსვლა ყოველთვის საკმაოდ მძიმეა. როგორც უკრაინას, ისე საქართველოს გააჩნია ეს დიდი ტკივილი და ასეთ ადგილას უფრო მძაფრად იგრძნობა ოკუპაციის სიმძიმე. სტუმარმა თავისი თვალით ნახა, თუ რას ნიშნავს გაყოფილი ოჯახები, გაყოფილი სახლები და გაყოფილი ეზოები. არსებულ ვითარებას უშუალოდ ადგილზე გაეცნო,“ – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
საერთო პრობლემაზე ისაუბრა ვადიმ ჩერნიშმაც და აღნიშნა, რომ სიტუაცია მისთვის კარგად ნაცნობია.
„იგივე გრძნობები მაქვს, როგორც უკრაინასთან მიმართებით. მოსახლეობა იტანჯება. ადამიანების ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობები ხელოვნურადაა შეზღუდული რუსეთის ფედერაციის მიერ. მათ აქვთ საყოფაცხოვრებო პრობლემები. ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ბევრი გამოწვევა არსებობს პოლიტიკური მიზეზების გამო. 21-ე საუკუნეში ეს საშინელებაა. კოლეგებთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გვექნება დისკუსიები ჩვენი გამოცდილებების შესახებ“, – განაცხადა ვადიმ ჩერნიშმა.
პროექტის „უკრაინის მთავრობის ტექნიკური დახმარება იძულებით გადაადგილების თემაზე საქართველოს გამოცდილების გაზიარების გზით“ ფარგლებში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოსა და უკრაინის ოფისების ორგანიზებით და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) დაფინანსებით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის, ვადიმ ჩერნიშის საქართველოში ვიზიტი ორ დღეს გასტანს.
ვიზიტის მიზანია, მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის საკითხებზე საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს შორის.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.