უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი რუსეთის ციხეში მე-100 დღეა, შიმშილობს
უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი რუსეთის ციხეში მე-100 დღეა, შიმშილობს

რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული უკრაინელი რეჟისორი უკვე ასი დღეა შიმშილობს. ოლეგ სენცოვი რუსეთის ციხეებში მყოფი ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც „რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო იტყობინება, დღეს რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების რამდენიმე ქალაქში სენცოვის მხარდამჭერი აქციებია დაგეგმილი.

სენცოვმა უვადო შიმშილობა 14 მაისს გამოაცხადა. ორი კვირის წინ უკრაინელი რეჟისორის დამ განაცხადა, რომ მისი ძმის მდგომარეობა კატასტროფულია და ის ფეხზე თითქმის არ დგება.
კრემლმა14 აგვისტოს​ სენცოვის დედას შვილის შეწყალებაზე უარი განუცხადა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეწყალების თხოვნით შესაბამის ორგანოს თავად მსჯავრდებულმა უნდა მიმართოს, რაზეც თავად ოლეგ სენცოვი კატეგორიულ უარს აცხადებს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა სენცოვი სამ პირთან ერთად, ყირიმში ტერორიზმის ბრალდებით 2014 წლის მაისში დააკავეს. რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, ისინი სიმფეროპოლში, სევასტოპოლსა და იალტაში დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. 2015 წლის 25 აგვისტოს რუსეთის სასამართლომ რეჟისორს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სენცოვის დაპატიმრებამ საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. უკრაინელი რეჟისორის გათავისუფლებისკენ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა. სენცოვის მხარდაჭერა გამოთქვეს კულტურისა და შოუბიზნესის სფეროს ცნობილმა მოღვაწეებმა, მათ შორის კინორეჟისორმა პედრო ალმადოვარმა, მწერალმა სალმან რუშდიმ, მსახიობმა ჯონი დეპმა.