მიხეილ ყაველაშვილი - მეგის ქარდავას პარტიის წევრები არიან, დღეს პერფორმანსი რომ დადგეს და ახლა შიმშილობა გამოაცხადეს, ისინი გვახსენებენ იმ საშინელ წლებს, რომლის გახსენება არავის უნდა
მიხეილ ყაველაშვილი - მეგის ქარდავას პარტიის წევრები არიან, დღეს პერფორმანსი რომ დადგეს და ახლა შიმშილობა გამოაცხადეს, ისინი გვახსენებენ იმ საშინელ წლებს, რომლის გახსენება არავის უნდა

მეგის ქარდავას პარტიის წევრები არიან, დღეს პერფორმანსი რომ დადგეს და ახლა შიმშილობა გამოაცხადეს, ისინი გვახსენებენ იმ საშინელ წლებს, რომლის გახსენება არავის უნდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შემდეგ ყველამ თავის თვალით ნახა მისი სიმულაციები.

ამასთან, ყაველაშვილის განცხადებით, ღიმილისმომგვრელია, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შემდეგ, იუსტიციის მინისტრს ემუქრებიან.

„ეს დღეები საზოგადოებამ იხილა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა და ალბათ ყველამ თავის თვალით ნახა მისი სიმულაციები, ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას ისეთი არაფერი აწუხებს, ის საგანგაშო სპეცოპერაცია რომ დაიგეგმა, რაც ამ პროცესს წინ უძღოდა. დღეს უკვე აღარავინ საუბრობს, კვდება და უშველეთო. ევროპარლამენტში, სხვადასხვა სააგენტოში, სოციალურ ქსელებში, დაქირავებული ლობისტური კომპანია – ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ მძიმე მდგომარეობაშია ეს ადამიანი, კვდება და უშველეთო. ერთ-ერთი ადვოკატი თავად ითხოვდა კადრების გასაჯაროებას. გასაჯაროების შემდეგ უკვე იუსტიციის მინისტრს ემუქრებიან, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ღიმილისმომგვრელია. ყველამ კარგად იხილა ეს ადამიანი, რომელიც ალბათ მძევლად ჰყავს საკუთარ პარტიას და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აქტიურობენ. ყველაზე კარგად გამოიკვეთა ამ ადამიანების სურვილი, სააკაშვილი მართლაც მძიმედ იყოს. ალბათ იმასაც ფიქრობენ, ლეტალური შედეგი დადგეს, გარდაიცვალოს და ამით იხეიროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და იმ ძალამ, რომელიც ასეთ მანიპულაციას ემსახურება, თითქოს მძიმედაა. მძიმედ არ არის. მეგის ქარდავას პარტიის წევრები არიან ეს ადამიანები, დღეს პერფორმანსი რომ დადგეს, ამასაც ვეღარ ჩადიან და ახლა შიმშილობა გამოაცხადეს. სირცხვილი და შეურაცხყოფაა ქართული საზოგადოებისთვის. გვახსენებენ და საზოგადოებას ახსენებენ იმ საშინელ წლებს, რომლის გახსენება არავის არ უნდა“, – განაცხადა ყავლაშვილმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ქართულ მხარეს მოუწოდებს, „უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, რათა ის გადაყვანილი იყოს ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის“. უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი კი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან.