ანი წითლიძეს ექიმები შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაციას აძლევენ, დეპუტატი შიმშილობას აგრძელებს
ანი წითლიძეს ექიმები შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაციას აძლევენ, დეპუტატი შიმშილობას აგრძელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანი წითლიძეს ექიმები შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაციას აძლევენ. ამის შესახებ „ემერჯენს სერვისის“ ბრიგადის უფროსმა ექიმმა, თამარ სვანიძემ წითლიძის გასინჯვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, მოშიმშილე დეპუტატს 11 კილოგრამი აქვს დაკლებული და გადასხმა ჩაუტარდა.

„დღეს პაციენტისთვის შიმშილობის მე-10 დღეა და, ბუნებრივია, კრიტიკულ ზღვარზეა ამ ეტაპზე, თუმცა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია. ჰიპოთენზია უფრო მკვეთრად არის გამოხატული, რაც ახასიათებს შიმშილობას, ასევე აქვს გულის ფრიალი, სუნთქვის უკმარისობა, ემპათია. გონებრივი შესაძლებლობები შენარჩუნებული აქვს, საკმაოდ აქტიურიც არის. ანალიზის მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად შეცვლილია. ჩვენ, როგორც ექიმები, მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რათა არ შეიქმნას ზედმეტი დატვირთვა ჯანმრთელობისთვის. 22 დეკემბრის მონაცემებით, დაკარგული აქვს წონის 11 კილოგრამი. ჩაუტარდა გადასხმა“, – განაცხადა ექიმმა.

დეპუტატი ანი წითლიძე აცხადებს, რომ, ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, შიმშილობას აგრძელებს.

„ჩემი ფიზიკური შესაძლებლობა ვიდრე მომცემს შიმშილობის გაგრძელების უფლებას, იქამდე გავაგრძელებ. ექიმების რეკომენდაციას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაში ვარ ურყევი“, – განაცხადა წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა – ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია, რომელიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გუშინ, 23 დეკემბერს კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტეს შიმშილობა დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმაც.

ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.