უკრაინელი პოლიტოლოგი მაქსიმ იალი - უკრაინაში კორუფცია იმის გამო არსებობს, რომ 30 წელია, ამ მიზეზით მაღალჩინოსანი ციხეში არ ჩაუსვამთ
უკრაინელი პოლიტოლოგი მაქსიმ იალი - უკრაინაში კორუფცია იმის გამო არსებობს, რომ 30 წელია, ამ მიზეზით მაღალჩინოსანი ციხეში არ ჩაუსვამთ

უკრაინაში კორუფცია იმის გამო არსებობს, რომ 30 წელია, ამ მიზეზით მაღალჩინოსანი ციხეში არ ჩაუსვამთ, – ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა, უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პროფესორმა, მაქსიმ იალიმ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ყოველთვის ეცდება უკრაინაში აგორებული სკანდალები საკუთარი მიზნებით გამოიყენოს, თუმცა ბოლო დღეებში აგორებული კორუფციული საქმეები ერთ დღეში არ გაჩენილა, არამედ დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა.

„მოსკოვის გავლენა, რასაკვირველია, არსებობს. კრემლი მუდამ იყენებს ამ ყველაფერს სათავისოდ და მომავალშიც გამოიყენებს. ის ასევე თავადაც ქმნის სკანდალებს, რომლის მიზეზები რეალურადაც არსებობს ხოლმე, როგორც ამ შემთხვევაშია. ამის ნიადაგი არსებობს და ყველაფერი უკვე დიდი ხანია, მწიფდებოდა. ყველაფერი რომ ასე უცებ მოხდა, დაგეგმილი აქციის მსგავსად, მით უმეტეს, მინისტრ რეზნიკოვის წინააღმდეგ და თან რამშატაინის ბაზაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების შეხვედრის წინ, მიუთითებს, რომ კრემლს ყურები უჩანს. თუმცა, როგორც ვთქვი, ხელისუფლება, სავარაუდოდ, ასევე აკვირდებოდა საზოგადოების რეაქციას, ისინი მიხვდნენ, რომ საკადრო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რადგანაც ყველა ეს სკანდალი ერთი დღეში არ აღმოცენდა. ეს ყველაფერი გროვდებოდა და, საერთო ჯამში, მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. ამიტომ პრეზიდენტის ოფისში გააცნობიერეს, რომ საკადრო გადაწყვეტილებების მიღების გარეშე ეს პრობლემა მალე თავად პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგსაც დაარტყამდა.

შეგახსენებთ, ასევე იყო სკანდალები ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებში, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას უკავშირდებოდა. ამის გამო საზოგადოება ითხოვდა მაღალჩინოსნების გადადგომას და შესაბამის გადაწყვეტილებებს, თუმცა ხალხს მხოლოდ გადადგომა არ დააკმაყოფილებს. იქნება გამოძიებები, რასაც დაჟინებით ითხოვს უკრაინის საზოგადოება და თუ ვინმეს ბრალი დამტკიცდება, მაშინ ხალხი დამნაშავეებისთვის პატიმრობას მოითხოვს. პრინციპში, კორუფცია უკრაინაში რჩება სწორედ იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არცერთი მაღალჩინოსანი, მაგალითად, მინისტრი, არ ჩაუსვამთ ციხეში“, – განაცხადა მაქსიმ იალიმ.

ამასთან, იალის თქმით, ის მიესალმება ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას, თუმცა, პროფესორის აზრით, ეს ნაბიჯები კორუფციას სრულად ვერ აღმოფხვრის.

„ცხადია, მსგავსი გადაწყვეტილებებით კორუფციის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა ეს ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიური სიგნალია იმ გაგებით, რომ ხელისუფლება რეაგირებს უკრაინის საზოგადოების ხისტ რეაქციაზე. ეს ცალსახად გვაახლოებს ევროპულ ფასეულობებთან, რომლებისკენაც ასე ძალიან მივისწრაფვით. მეორე მომენტი ისაა, რომ თუ ჩვენ დასავლურ ტრადიციებს მივდევთ, მაშინ აუცილებელია, დაველოდოთ გამოძიებას. საერთო ჯამში, უკრაინაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ომის დროს საკუთარ სარგებელზე ზრუნავენ, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავების დახმარებით, დასავლეთის ზეწოლით, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ კორუფციას ვებრძვით და სწორ გზაზე ვდგავართ“, – ამბობს იალი.