პოლიტოლოგი მაქსიმ იალი - აქტიური საბრძოლო მოქმედებები მინიმუმ, ერთი-ორი კვირა გაგრძელდება, რუსეთი უკრაინის კაპიტულაციას ითხოვს, რაც უკრაინისთვის აბსოლუტურად მიუღებელია
პოლიტოლოგი მაქსიმ იალი - აქტიური საბრძოლო მოქმედებები მინიმუმ, ერთი-ორი კვირა გაგრძელდება, რუსეთი უკრაინის კაპიტულაციას ითხოვს, რაც უკრაინისთვის აბსოლუტურად მიუღებელია

უკვე ნათელია, რომ ე.წ ბლიც კრიგის გეგმა ჩავარდა, – განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, პოლიტოლოგმა მაქსიმ იალიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ჩართვისას.

„ამჟამად რუსეთი ცდილობს, თავისი ძალები გადააჯგუფოს და გათვლას აკეთებს ომის წარმოების გახსნილ ტერორისტულ მეთოდებზე. პირველ რიგში, ეს ეხება ქალაქ მარიუპოლს, აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელიც გახლავთ ერთადერთი დიდი ქალაქი, რომელსაც ალყა შემოარტყეს, გუშინ სამშობიარო დაბომბეს და მშვიდობიან მოსახლეობას არტილერიით ანადგურებენ. რაც მთავარია, მათ მოსახლეობა მძევლად ჰყავთ აყვანილი და საშუალებას არ აძლევენ, იქიდან გამოვიდნენ“, – განაცხადა იალიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი დიპლომატიური გზით და შესაძლებელია თუ არა, ამ გამოსავლად იქცეს უსაფრთხოების ახალი შეთანხმება, რაც შესაძლოა, უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების საგანი გახდეს, მაქსიმ იალიმ განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ ძალიან ადრეა.

„მინიმუმ, ერთი-ორი კვირა გაგრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები. რუსეთი აღარ ითხოვს დენაციფიკაციას და უკრაინის სრულ დემილიტარიზაციას, რასაც თავიდან ითხოვდა, მაგრამ დღემდე, ისინი ითხოვენ უკრაინის კაპიტულაციას, რაც უკრაინისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მე გუშინ ძალიან დიდი სტატია დავწერე – არ არის საჭირო ასეთი მოლოდინი, რომ ასეთ მოლაპარაკებებზე გარღვევა იქნება. იმიტომ, რომ უკრაინის მხარისთვის მთავარი საკითხები გახლავთ ჰუმანიტარული საკითხები – დაზარალებულთა ევაკუაცია ქალაქებიდან, სადაც არ არის წყალი და საკვები, რადგან კრემლი შანტაჟის ტაქტიკას ეწევა“, – განაცხადა მაქსიმ იალიმ.

მისი თქმით, დღეს პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებულია.

„რუსეთი ითხოვს უკრაინის უბლოკო სტატუსს. ეს საკითხი შეიძლება, იქნას განხილული და უნდა იქნას განხილული, მაგრამ მანამდე გრძელი პროცესია. იმიტომ, რომ უკრაინა მოითხოვს, პირველ რიგში, აშშ-მა და ევროკავშირმა, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, უსაფრთხოების გარანტიები მოგვცეს“, – განაცხადა იალიმ.

როგორც მაქსიმ იალიმ აღნიშნა, ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკებები მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რუსეთის ხელისუფლება მიხვდება, რომ მისი სამხედრო კამპანია უპერსპექტივოა, უკრაინელ ხალხს ვერ გატეხს და სამხედრო ძალების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული ზარალი ექნება, რომელიც უკვე არის, მაგრამ რუსეთი ამის დამალვას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და სოციალური ქსელების დაბლოკვით ახერხებს.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ რუსული არმიის დანაკარგები ყოველდღიურად კიდევ უფრო გაიზრდება, დაეცემა მათი საბრძოლო სულისკვეთება და დაიმსხვრევა მითი მსოფლიოში მეორე დაუმარცხებელ არმიაზე.

ამასთან, პოლიტოლოგმა ასევე თქვა, რომ დასავლეთმა უკრაინას ანახა პოლიტიკური ელიტის სისუსტე, რისი შედეგებიც ამ ქვეყნების მომავალ არჩევნებში აისახება.